მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობიაშვილი FIFA-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

კობიაშვილი და ინფანტინო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი FIFA-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. ფედერაციის ცნობით, აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.

“კომიტეტის მიზანია FIFA-ს წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი FIFA-ს წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს. სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრებო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე.

აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე FIFA-ს წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს. FIFA-ს პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოშიც განაგრძობენ, -– წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, 2023 წლიდან ლევან კობიაშვილი UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.

"დავით მუჯირი ფეხბურთის განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა. ლევან კობიაშვილთან და დავით მუჯირთან ერთად, UEFA-ს კომიტეტებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ოთხი წარმომადგენელია, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრია, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იურიდიულ კომიტეტში საქმიანობს, ხოლო ოთარ გიორგაძე – მედიის კომიტეტის წევრია“ – იტყობინება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები