მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას აკეთებს

60544f4444e32
ინგა მურუსიძე
19.03.21 11:12
1296
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ახალციხელი ექთნის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი განმარტებით, გული ერთხელ უკვე გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი მუშაობის აღდგენა მოახერხეს.

„ამწუთას პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები, თუმცა დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 18 მარტს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მოხდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 წლის ექთანმა, მეგი ბარბაქაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაიკეთა აცრა, რის შემდეგაც, დაახლოებით 30 წუთში, განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. მისივე თქმით, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და აცრასთან მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ნებისმიერ ვაქცინას თანამდევი რეაქცია მოჰყვება და ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ან ანაფილაქსიური რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები