მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი სითი” მზიურთან საცხოვრებელ კორპუსს ვერ აშენებს - კომპანიას ობიექტზე სამშენებლო მასალა ვერ მიაქვს

645259f46a9eb
ანუკა ჯოხაძე
04.05.23 00:20
4876
ჭავჭავაძის 5 ნომერში სამშენებლო კომპანია "ლიბერთი სითი" მშენებლობას უკვე 8 თვეა ვერ იწყებს. მიზეზი დროებითი სატრანსპორტო სქემის შეთანხმების საკითხია. ბიზნესი მერიასთან ვერ თანხმდება სქემაზე, რომლის მიხედვითაც ადგილზე სამშენებლო მასალებს მიიტანენ. საცხოვრებელ კორპუსში ბინას 125 ოჯახი ელოდება. დღეს დაზარალებულმა მხარეებმა თბილისის მერიასთან აქციაც გამართეს.

ჭავჭავაძის 5ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მცდელობა 2008 წლიდან დაიწყო. როგორც დაზარალებულები ამბობენ, კომპანიამ 15 წლის განმავლობაში მესაკუთრე რამდენჯერმე გამოიცვალა. ბოლო მესაკუთრემ კი განახლებული სამშენებლო ნებართვა 2022 წლის აგვისტოში აიღო, თუმცა მას შემდეგ ადგილზე წარმოქმნილი შემაფერხებელი გარემოებების გამო სამშენებლო სამუშაოებს ვერ იწყებს.

მათი თქმით, მიზეზი დროებითი სატრანსპორტო სქემის შეთანხმების საკითხია, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მძიმე ტექნიკის დახმარებით ობიექტზე სამშენებლო მასალები უნდა მიიტანოს. წარმოდგენილი სქემა მერიასთან ვერ თანხმდება.

“სამშენებლო მასალები, რომლებიც უნდა მიიტანოს მშენებელმა ადგილზე, აღმოჩნდა, რომ არცერთი გზიდან არ შეუძლია გადაადგილება. ერთი არის ატენის გზა და მეორე მზიურიდან გზა.

4 მესაკუთრე შეიცვალა ამ კომპანიამ, 15 წელია გაჩერებულია და ასეთი სიტუაცია გვაქვს. საბოლოოდ მივადექით იმ ფონს, რომ მშენებელი გვაკმაყოფილებს, მერიამ მოგვიგვარა პრობლემა, მაგრამ ვერ მიდი საქმე ბოლომდე. ჩვენია, მაგრამ არ გვეკუთვნის,”-ამბობს დაზარალებული ლილი კახიანი.

სამშენებლო კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა შეთანხმება მძიმე ტექნიკის გადაადგილების სქემაზე ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოლეგ ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ კომპანია ყოველდღიურად ზარალობს, მათ უკვე განახორციელეს 2 მილიონამდე ინვესტიციაც.

“2017 წელს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურს, საპატრულო პოლიციას შევუთანხმეთ აქ მშენებლობის პერიოდში როგორც დროებითი ისე მუდმივი სატრანსპორტო სქემა. რატომღაც განმარტების გარეშე უარს ამბობენ ამ სქემაზე. ფაქტობრივად გავიდა 8 თვე და ერთი ბარი არ დაგვირტყია სამშენებლო ობიექტზე.

მშენებელიც ერთ-ერთი დაზარალებულია რამდენიმე მილიონია ჩადებული. დაზარალებულია 125 ოჯახიც. ჩვენი კომპანიის 2 მილიონს აჭარბებს. ზარალია გაჩერებული ფული”-აცხადებს ლიბერთი "სითის მენეჯერი" ოლეგ ნიკოლეიშვილი.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი სატრანსპორტო სქემა მათთვის მისაღები არ არის. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მხრიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ მძიმე ტექნიკა არსებული სქემით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მხრიდან არსებული გზის გამოყენებით უნდა გადაადგილდეს, რაც პრობლემურია.

“ტერიტორიაზე შეთანხმებულია მრავალბინიანი სახლის პროექტი, თუმცა მთავარი დამაბრკოლებელი გახლავთ მშენებლობის პერიოდში ტექნიკის გადაადგილების სქემა.

წარმოდგენილი სქემის მიხედვით, მოთხოვნილია მძიმე ტექნიკის გადაადგილება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მხრიდან არსებული გზის გამოყენებით. აღნიშნული გზა არის მეორეხარისხოვანი გზა, რომელიც წარმოადგენს მზიურის პარკის ტერიტორიის ნაწილსა და არსებული მრავალბინიანი კორპუსის ეზოს მიმდებარე ტერიტორიას.

აქედან გამომდინარე, სააგენტოს პრობლემურად მიაჩნია სამშენებლო ტექნიკის გადაადგილების დაშვება აღნიშნულ ტერიტორიაზე.”-აცხადებენ თბილისის მერიაში.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სამშენებლო კომპანიისგან ახალ, ალტერნატიულ სქემას ელოდება, თუმცა "ლიბერთი სითიში" ამბობენ, რომ მსგავსი სქემის მოძიება სამშენებლო ობიექტის ტერიტორიიდან გამომდინარე წარმოუდგენელია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები