მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთი სითის“ 125 ოჯახი მშენებლობის დაწყების გაჭიანურებას გააპროტესტებს - მოთხოვნა

64510d1e36506
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.23 18:18
547
სამშენებლო კომპანია „ლიბერთი სითის“ დაზარალებული 125 ოჯახი ხვალ, თბილისის მერიასთან, წლების განმავლობაში მშენებლობის დაწყების გაჭიანურებულ პროცესს გააპროტესტებს.

როგორც BM.GE-ის მენაშენეთა საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, 2008 წლის შემდეგ 125-ზე მეტი ოჯახი „ლიბერთი სითისთვის“ გადახდილი თანხების სანაცვლოდ ჭავჭავაძის გამზირის #5ა-ში ასაშენებელი სახლის კუთვნილი ბინების მიღებას ელის. მიზეზი თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კონკრეტული დოკუმენტის გაუცემლობაა.

„ჯერ ომი და კრიზისი, შემდეგ ხელისუფლებათა ცვლა, შემდეგ კიდევ ათასი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი, მათ შორის, სხვადასხვა საჭირო ნებართვის მუდმივი განახლების ბიუროკრატიული და რუტინული პროცესი და მოვედით დღემდე.

დღეს ყველა ყველაფერზე შეთანხმებული ვართ - მომავალი მობინადრეები, მშენებელი კომპანია, მერია... თავისი გადაწყვეტილების გაჭიანურებით გამონაკლისია მერიის მუნიციპალური სამსახური, კერძოდ, „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“, რომელიც დღემდე, ყველა დადგენილი, თუ გონივრული ვადის იგნორირებით, უბრალოდ სატრანსპორტო სქემის შეთანხმების შესახებ პასუხს არ იძლევა“, - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

მათივე ინფორმაციით, მენაშენეებს 15 წლის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ.

„დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ ყველა დიდი თუ მცირე პრობლემა დაძლეულია და მშენებლობის დაწყებას აფერხებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უპასუხისმგებლო და უდიერი დამოკიდებულება. მისი დამოკიდებულება საკითხისადმი, აღძრავს ეჭვს, რომ სამსახურს აშკარად კარნახობს მერიის მაღალჩინოსნები, იმიტომ რომ არ არსებობს უარის არავითარი სამართლებრივი საფუძველი, უფრო მეტიც, მოთხოვნილი გზის სქემები შეთანხმებულია 2017 წლის სექტემბერში ქალაქის ყველა სამსახურთან და მის საფუძველზე მოვაწყეთ კიდეც არსებული გზა, რაშიც 30 ათასი ლარია გადახდილი.

იძულებულნი ვართ, საჯარო აქტივობით, კერძოდ, მერიასთან საპროტესტო აქციით, ვაიძულოთ საქალაქო სამსახური, დაუყოვნებლივ მოგვაქციოს სათანადო ყურადღება და გადაგვიწყვიტოს პრობლემა. აქციები ჩვენი თვითმიზანი არ არის, უბრალოდ,“ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“, საკითხისადმი საკუთარი უგულისყურობით, ჯერჯერობით, ურთიერთობის სხვა ფორმატს არ ტოვებს. იმედი გვაქვს, ჩვენს აქტივობას, მერისა და მისი მოადგილეების მხრიდან, სათანადო რეაგირება მოჰყვება და ჩვენი კონკრეტული, პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება“, - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

დაზარალებული მენაშენეები აცხადებენ, რომ ანალოგიური აქცია მერიასთან 12 აპრილს გაიმართა, თუმცა ის უშედეგო იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები