მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბიელები საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ

ლიბია

ლიბიელები ქვეყნის ყველაზე ძლიერი წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ დერნაში საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ, რადგან სამძებრო ჯგუფები ცხედრებს ეძებენ ქუჩებში, დანგრეულ შენობებსა და ზღვაშიც კი. ხმელთაშუა ზღვის ქალაქ დერნას უჭირს დახმარების მიღება მას შემდეგ, რაც კვირა ღამის კოკისპირულმა წვიმამ მისასვლელი გზების უმეტესობა წაიღო. ცნობილია, რომ 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Euronews-ის ინფორმაციით, დამხმარე მუშაკებმა, რომლებმაც მოახერხეს ქალაქამდე მისვლა, აღწერეს მდგომარეობა ქალაქის ცენტრში, ათასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ათიათასობით კი უსახლკაროდ დარჩა. ადგილობრივები, რომლებიც გადარჩნენ, სტიქიის უზარმაზარი ზარალით არიან შეწუხებული. მათი თქმით, ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაზე და ბევრი ითხოვს საერთაშორისო დახმარებას.

"მთელი ქალაქი განადგურდა. მსხვერპლი კვლავ ნანგრევების ქვეშაა, ზოგი კი ზღვაშია. ცხედრები მასობრივ საფლავებშია დაკრძალული, რადგან სასაფლაოები სავსეა, უცხოელებს და ევროპელებს ვთხოვ, მოდით, დაგვეხმარეთ, როგორც ჩვენ დაგეხმარეთ? თქვენ თავად ხედავთ ჩვენს მდგომარეობას“, - გააკეთა მიმართვა დერნას მკვიდრმა, მოჰამედ სალემმა.

გარკვეული საერთაშორისო დახმარება გზაშია. იორდანიამ უკვე გაგზავნა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო საჭირო დახმარებით.

აღმოსავლეთ ლიბიაში ასევე ჩავიდნენ თურქეთის სამაშველო ჯგუფები, ალჟირი, საფრანგეთი, იტალია, კატარი და ტუნისი კი ლიბიას დახმარებას დაჰპირდა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა  ორი თვითმფრინავი გაგზავნეს, რომლითაც 150 ტონა დახმარება გადაიტანეს და ევროკავშირმა განაცხადა, რომ დახმარება გერმანიიდან, რუმინეთიდან და ფინეთიდანაც იქნა გაგზავნილი. ამასთან,  ქუვეითის რეისი ოთხშაბათს აფრინდა 40 ტონა მარაგით

ქარიშხალი აღმოსავლეთ ლიბიის სხვა რაიონებშიც მოხვდა, მათ შორის ქალაქ ალ ბაიდასა და სოუსაში; სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი დაიტბორა და ასობით ოჯახი დევნილი გახდა. გაერო 10 მილიონი დოლარი (9,3 მილიონი ევრო) გამოყოფას გეგმავს ლიბიაში ტრავმირებული გადარჩენილთა დასახმარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები