ლიბიის შეიარაღებული ძალების მეთაური, ალი აჰმედ ალ-ჰადადი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა კერძო თვითმფრინავმა, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარადან ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ბრუნდებოდა, საკონტროლო ცენტრთან კავშირი მოულოდნელად დაკარგა და ავარიულად დაეშვა, რაც ხომალდის აფეთქებით დასრულდა. თურქეთის საავიაციო უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში გაწყდა, რასაც მალევე მოჰყვა გადაუდებელი დაშვებისთვის ზოლის გამოყოფის მოთხოვნა, თუმცა თვითმფრინავმა უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.
ჩამოვარდნილი ხომალდის ნარჩენები თურქეთის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელთან იპოვეს, სადაც ლიბიის შეიარაღებული ძალების მეთაურთან ერთად მთავრობის სხვა რამდენიმე წარმომადგენლის, პილოტისა და ფოტოგრაფის ცხედრებსაც მიაგნეს. ოფიციალური ანკარა კვლავ ვერ ახერხებს კონკრეტული მიზეზის დასახელებას, თუ რამ გამოიწვია ხომალდის ჩამოვარდნა, თუმცა დაიდო პირობა, რომ თურქი და ლიბიელი გამომძიებლები საქმეზე ერთად იმუშავებენ.
ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობამ, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო და გაერო ცნობენ, 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. პარალელურად, ანკარაში გაიგზავნა თვითმფრინავი, რომელმაც გარდაცვლილთა სამშობლოში დაბრუნებაზე უნდა იზრუნოს. აღსანიშნავია, რომ ალ-ჰადადის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე თურქეთმა ლიბიაში სამხედრო კონტინგენტის კიდევ 2 წლით დატოვების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ქვეყანაში არსებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. ავიაკატასტროფამდე შეიარაღებული ძალების მეთაური თურქეთის თავდაცვის მინისტრს და თურქ კოლეგასაც შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.




























