ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ტაქსების რეფორმის პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო.
„ვისაც არ ჰყავდა თეთრი ავტომანქანა, დავეხმარეთ მათ, რომ შეეღებათ ან გადაეკრათ თეთრი ფირი ისე, რომ ერთი ლარის გადახდაც არ უწევდათ. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით TAXI TBILISI, გარდა ამისა, მათთვის დედაქალაქში გაჩნდა ადგილები, სადაც შეუძლიათ ავტომანქანების გაჩერება და ამაში არანაირ გადასახადს არ იხდიან. აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა ნებართვები: A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში - 7798. მეორე კატეგორიაში გადიან ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით",-განაცხადა კალაძემ.