მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძის თქმით, ანძაზე რესტორნის მშენებლობისთვის ნებართვა უკვე გაცემულია და პროექტის განხორციელება იწყება

ანძა

თბილისის ანძის მოდერნიზაციისთვის ინვესტორმა კომპანიამ სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების ადგილას იმყოფებოდა.

"მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერა. 70 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა გადმოსახედი და რესტორანი. ჩვენ დიდი ხანია, ამაზე ვმუშაობთ, გვქონდა არაერთი შეხვედრა ისტორიულ საბჭოსთან, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ყველა დეტალი, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული.

გვყავს ასევე ინვესტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულით არის დაინტერესებული. მას სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებული აქვს. ეს არის კომპანია, რომელმაც წალკის კანიონის პროექტი განახორციელა, რომელიც დატვირთულია ტურისტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია წალკის რაიონში და აღნიშნულ ინფრასტრუქტურას უამრავი ადამიანი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ანძაზე ტურისტულ ცენტრსა და რესტორანს კომპანია KASS GROUP მოაწყობს, რომლის გენერალური დირექტორიც ჯერ კიდევ 30 სექტემბერს BMG-ის ეთერში აცხადებდა, რომ კომპანია მუნიციპალიტეტის მხრიდან სამშენებლო ნებართვას ელოდებოდა.

თუმცა, მერიის ინფორმაციით, "სანებართვო პროცედურები უკვე დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის". თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფენ პროექტის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ანძის განათების სისტემის განახლებას. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ტექნიკური ინვენტარის გადატანა და ანძის შეღებვა.

კალაძის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 2 წელი იქნება საჭირო, თუმცა მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია, როდესაც, ინვესტორად KASS GROUP შეირჩა. მას ადგილზე სულ მცირე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ს თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 25-წლიან მართვაში გადაეცემა.

თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადად 2024 წელი განისაზღვრა, თუმცა, როგორც 2023 წელს KASS GROUP-ის ტექნიკური დირექტორი ანა შანიძე BM.GE-სთან აცხადებდა, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გართულებების გამო, ორი წლით გადავადდა.

გასულ წელს კი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე BM.GE-სთან აცხადებდა, რომ თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის დეტალური პროექტირება უკვე დასრულებული იყო და სამუშაოების დაწყება 2025 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი.

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს კი ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის სამშენებლო სამუშაოები 2027 წელს დასრულდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები