მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-მერის თქმით, თბილისის ანძაზე 2018 წელს დაანონსებული რესტორნის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება

თბილისის ანძა

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის სამშენებლო სამუშაოები 2027 წელს დასრულდება - ამის შესახებ ვიცე-მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"თბილისის ანძის განვითარების პროექტს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის მოწყობის შემდეგ, ტურისტული მიზიდულობის კუთხით, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გვექნება. სამუშაოები 2027 წელს დასრულდება", - განაცხადა ვიცე-მერმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია, როდესაც, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით, შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს.

ინვესტორ KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ს თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.

თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადად 2024 წელი განისაზღვრა, თუმცა, როგორც 2023 წელს KASS GROUP-ის ტექნიკური დირექტორი ანა შანიძე BM.GE-სთან აცხადებდა, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული გართულებების გამო, ორი წლით გადავადდა.

გასულ წელს კი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე BM.GE-სთან აცხადებდა, რომ თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის დეტალური პროექტირება უკვე დასრულებული იყო და სამუშაოების დაწყება 2025 წლიდან იქნებოდა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები