ლიეტუვა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის შეძენას არ განიხილავს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაქცინას ევროკავშირი ავტორიზაციას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე აღნიშნავს, რომ ვაქცინა რუსეთს „პოლიტიკურად გაბატონების“ შესაძლებლობას მისცემს. მისივე განცხადებით, ლიეტუვა ვაქცინას ევროპელი მწარმოელებისგან შეიძენს.
„აცხადებენ, რომ Sputnik V კარგია, მაგრამ პუტინს არ ადარდებს მისი გამოყენება ხალხის სასიკეთოდ. ის სთავაზობს ვაქცინას მსოფლიოს, როგორც მორიგ იარაღს დაყოფისა და ბატონობისთვის,“ – თქვა ინგრიდა შიმონიტემ.
ლიეტუვას პრემიერის განცხადებით, "სამწუხაროა", რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ რუსული ვაქცინის ყიდვა გადაწყვიტა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია Sputnik V-ის გამოყენებას განიხილავს. უნგრეთმა კი მის გამოყენებაზე ავტორიზაციის ნებართვა უკვე გასცა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, რუსული წარმოების COVID-19-ის ვაქცინა 91.6%-ით ეფექტიანი და უსაფრთხოა.