მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს პარლამენტს, გაიწვიოს მიღებული კანონი, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება" - რეზოლუცია

სეიმი

ლიეტუვის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ - ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმმა - 21 მაისს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია გამოსცა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ლიეტუვა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის დემოკრატიულ განვითარებას და მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღებაზე, რომელიც, “ფაქტობრივად, იგივეა რაც რუსეთის ფედერაციის “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი” და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს".

“ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებას, რადგან აღნიშნული კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედებას, ფაქტობრივად, ანალოგია რუსეთის ფედერაციის “უცხო ქვეყნის” აგენტების კანონისა და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს.

ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედება არაა თანხვედრაში ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და მიზნებთან, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და, შესაძლოა, სერიოზული გრძელვადიანი შედეგები იქონიოს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე”, - ნათქვამია ლიეტუვის სეიმის რეზოლუციაში.

ლიეტუვის პარლამენტი მტკიცედ გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ და შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი პასუხისმგებლობაა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების შებღალვა, რაც არ არის თანხვედრაში EU-ს კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ კრიტერიუმებთან.

სეიმი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიონ მიღებული კანონი, მათ მიერ ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი ლიეტუვა ევროკავშირისგან შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს.

“სეიმი მოუწოდებს პარლამენტს, გაიწვიოს მიღებული კანონი “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებას, შევიდეს მასთან დიალოგში, შეასრულოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და განაგრძოს საჭირო რეფორმების გატარება.

ევროკავშირის ინსტიტუტებს კი მოუწოდებს, განიხილონ ეს შესაძლებლობა და, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს კანონის იმპლემენტაციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას, მიიღონ საპასუხო ზომები”, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ხელს სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი აწერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები