მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიფტების მოდერნიზაციის პროგრამა საკმარისი არ არის” - სანდრო შელია

ლიფტები

თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი ტრაგედიიდან, რომლის დროსაც ლიფტის შახტაში ჩავარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი წელი გავიდა, თუმცა ტექნიკურად გაუმართავი და ექსპლუატაციიდან გასული ლიფტები დედაქალაქში კვლავ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ქალაქში არსებული 13 000-მდე ლიფტის პერიოდული ინსპექტირება სავალდებულოა, ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიურად მათი მხოლოდ მცირე ნაწილი მოწმდება.

როგორ შეიცვალა სისტემური მიდგომა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა გამოწვევები რჩება კვლავ დღის წესრიგში - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში სანდრო შელია, CAI-ის გენერალური დირექტორი საუბრობს.

“სამწუხაროდ, დედაქალაქში, ერთი წლის წინ მომხდარი შემთხვევის გარდა, სხვა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევაც იყო, რომლებიც ტექნიკურ გაუმართაობასა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. კარგი ამბავი ის არის, რომ 2023 წლის განმავლობაში საზოგადოების მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა ინსპექტირების კუთხით, რაშიც მნიშვნელოვანი როლი გამგეობებმა შეასრულეს. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ პერიოდული ინსპექტირებისა და ლიფტების მოდერნიზაციის თაობაზე მერიას მიმართონ”, - ამბობს სანდრო შელია.

თბილისის მერია “თანამესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ლიფტების შეკეთებისა და მოდერნიზაციის ნაწილობრივ დაფინანსებას ახორციელებს, სადაც ამხანაგობის თანამონაწილეობა 30%-ით განისაზღვრება. თუმცა როგორც შელია აღნიშნავს, პროგრამის ბიუჯეტი შეზღუდულია და გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე საკმარისი არ არის.

“მოდერნიზაციის ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია და, შარშანდელ წელს რომ შევხედოთ, მიმართვიანობა იმდენად გაიზარდა, რომ ის მალე ამოიწურა. კარგი ის არის, რომ მერიამ პრინციპი შემოიღო, რომლის თანახმადაც მოდერნიზაციის პრიორიტეტი ლიფტის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება, შესაბამისად, პირველად ის ლიფტი რეაბილიტირდება, რომელიც ტექნიკურად უფრო გაუმართავი და საშიშია და არა ის, რომლის ამხანაგობამაც მერიას პირველმა მიმართა.

ლიფტების მოდერნიზაციის პროგრამა კარგია, მაგრამ ის საკმარისი არ არის, თუ არ გვექნება სრული სურათი. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ლიფტია თბილისში. მონაცემთა ბაზები გაუმართავია და ეს მიუღებელია, სახელმწიფომ ეს მინიმუმი მაინც უნდა გააკეთოს. აუცილებელია მასშტაბური მიდგომა, რომ განისაზღვროს ყველა ლიფტის მდგომარეობა და განისაზღვროს პრიორიტეტები, რომელი კორპუსებით უნდა დაიწყოს პროცესი”, - ამბობს სანდრო შელია.

CIA-ის გენერალური დირექტორი BMG-ის ეთერში ლიფტების შეკეთებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ის კოლოსალურ თანხებს არ საჭიროებს და მთავარი მაინც დროული რეაგირებაა.

“იმ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, რაც ერთი წლის წინ მოხდა, ფინანსური თვალსაზრისით ამ კომპონენტების შეკეთება არ იყო დიდ თანხებთან დაკავშირებული, უბრალოდ აუცილებელია, რომ შემოწმება დროულად მოხდეს კომპეტენტური პირების მიერ.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ლიფტები იმ კორპუსებშია, რომლებიც ძველია და მოსახლეობას ნაკლები საშუალება აქვს, თავიანთი ინიციატივით გასწიონ გარკვეული სამუშაოები მათ გასამართად”, - ამბობს ის.

შელია პრობლემის მოგვარების გზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროგრამის ბიუჯეტის ზრდა ეფექტური ნაბიჯი ვერ იქნება, თუ ყველა ლიფტის დიაგნოსტიკა არ მოხდა.

“პროაქტიური მიდგომაა საჭირო, ექსპერტებმა ეფექტური მიდგომა უნდა შეიმუშაონ, რათა გეგმური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელი იყოს ყველგან, სადაც კანონი გვავალდებულებს. რეალობა ისაა, რომ 13 000 ლიფტის ინსპექტირება რომ დავიწყოთ, მათი უმრავლესობა მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ დააკმაყოფილებს და ამ მიდგომას რა აზრი აქვს?! ყველა ლიფტს ვერ გავაჩერებთ, ამიტომ პირველი ნაბიჯი მათი დიაგნოსტიკაა, რომ სრული სურათი დავინახოთ. როდესაც ლიფტები სრულად იქნება გამართული, მათი ხარისხის მართვაც უფრო გამარტივდება”, - განაცხადა სანდრო შელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები