"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი დავით ფაჩულია ამბობს, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე რამდენიმე პროექტის განხორციელებაა გეგმაში, მათ შორისაა გაზშემკრების მოწყობა, რაზეც საუბარი 2019 წელს დაიწყო. კახა კალაძემ მაშინვე განაცხადა, რომ ტენდერის გამოცხადებაც იგეგმებოდა, რომელში გამარჯვებულ კომპანიასაც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე 60 მილიონ ლარად შენობა-ნაგებობა უნდა მოეწყო და პროექტი ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. გამოცხადდა ტენდერიც, რომელიც 6-ჯერ გასაჩივრდა, საბოლოოდ კი კონტრაქტორი კომპანიის მოძებნა ვერ მოხერხდა.
"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი დავით ფაჩულია დღეს ამბობს, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები ნაგებობის მოწყობაზე სასესხო შეთანხმება უკვე გაფორმებულია და მისი გათვლით ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება.
დავით ფაჩულიას თქმით, ადგილზე შეკრებილი აირების ელექტროენერგიად გარდაქმნა მოხდება, რომელსაც პირველ ეტაპზე უშუალოდ კომპანია მოიხმარს.
“მოეწერა უკვე სასესხო ხელშეკრულებას ხელი. ეს არის 20 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, საიდანაც 16 მილიონი ევრო "იბიარდის" სესხია, 4 მილიონი კი გრანტი. ვფიქრობთ, ამ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში და გამოცხადდეს გაზშემკრების მოწყობაზე სამშენებლო ტენდერი.
იცით, რომ აქამდე არ ხდებოდა წარმოქმნილი გაზების შეკრება, მეთანები ჰაერში გაიფრთქვევა. მოხდება ამ აირის შეკრება, არსებული უჯრედები გადაიხურება და მეთანის საბოლოო უტილიზაცია მოხდება. საბოლოოდ კი შეკრებული გაზი გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რომელსაც პირველ ეტაპზე ჩვენ მოვიხმართ,” - ამბობს დავით ფაჩულია.