„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი, ფერმერი ბექა გონაშვილი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ დაფინანსების ლიმიტების გაზრდა სხვა მიმართულებებშიც საჭიროა.
საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის 4 მარტის განკარგულებით, "შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის“ ქვეკომპონენტში „მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის“ ზედა ზღვარი ორმაგდება. თუ აქამდე ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა მინიმუმ 20 000 ლარიდან, მაქსიმუმ 5 მლნ ლარამდე იყო, ახლა ზედა ზღვარი 10 მლნ ლარი იქნება.
"ეს ცვლილება კარგია, ლიმიტები ასაწევი იყო, უბრალოდ რატომ მხოლოდ აქ და არა სხვა მიმართულებებშიც? ვფიქრობ, ჯობია სხვა მიმართულებითაც ბიზნესის გამსხვილებას ხელი შეეწყოს. დღესდღეობით სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები საჭიროა, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს წარმოება, აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებაა და სხვა მიმართულებებიც ფინანსირების ნაწილში ანალოგიურად გადასახედია",- ამბობს ბექა გონაშვილი BM.GE-სთან საუბრისას.
მისი შეფასებით, გამოწვევა, რომელიც სექტორში მწვავედ დგას და ინვესტიციებსაც აფერხებს, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მათ შორის შესაძლოა აგროკრედიტის პროექტში გაჩნდეს შესაბამისი დათქმები.
"ვფიქრობ [სესხზე] მოთხოვნა იქნება, უბრალოდ ჩემი აზრით, მთავარ პრობლემად მაინც რჩება გამოცდილი კადრების დეფიციტი და ამ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული დათქმებიცაა საჭირო, რომ გაჩნდეს კადრები ჩვენს მიმართულებაში. აგროკრედიტის პროექტში ჩაიდოს კომპონენტი, როგორ შეიძლება ადამიანს სწავლის მოტივაცია გაუჩინო, რომ შემდეგ დასაქმდნენ. არის ასეთი დეტალები, რომლებიც დასახვეწია",- აღნიშნავს ბექა გონაშვილი.