დღეს, 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ოკმელაშვილის საქმეს განიხილავდნენ, რომელიც შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 15 მაისს დააკავა. პროცესი 24 იანვრის 14:00 საათამდე გადაიდო, ხოლო მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს მოუხსნეს.
უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. შედეგად, ოკმელაშვილს მუხლი მოუხსნეს.
17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოკმელაშვილის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის თქმით, მოსამართლემ პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ არგუმენტად გაქარწყლებული ნასამართლეობა გამოიყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.