მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lion Trans-ი ავტოდილერთა მოსამზადებელ ტრენინგკურსს იწყებს

ავტოდილერის კურსი
07.06.24 10:42
420

საქართველოში ავტოინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ამასთან, ქვეყანაში წლიდან წლამდე ავტომფლობელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება და ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა წარმატებით ვითარდება. საქართველო კავკასიის რეგიონისთვის ერთგვარ ჰაბსაც წარმოადგენს, სადაც ავტომობილების შეძენაზე მოთხოვნა, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან, მზარდია.

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Lion Trans-ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ავტოდილერთა მოსამზადებელ ტრენინგკურსს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ ავტოსადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები და საჭირო უნარ-ჩვევები და დაეუფლონ ახალ პროფესიას.

კურსის შესახებ Lion Group-ის გენერალურ დირექტორს, ლევან სუხიტაშვილს ვესაუბრეთ. BM.GE-სთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიზანი ავტოდილერის პროფესიის პოპულარიზაცია და უნარ-ჩვევების შესწავლაა. რომლებსაც კომპანია თავის მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს და, უკვე არჩეულ პროფესიასთან ერთად, დამატებითი სპეციალობის შეძენის საშუალებას მისცემს.

“Lion Trans-ისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ავტოიმპორტია, ავტოდილერები კი კომპანიის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, დილერების კვალიფიკაციის ამაღლება, აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა და ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

ტექნიკური უნივერსიტეტის “Lion Trans-ის სახელობის ელექტრომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია” იქნება პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ სალექციო კურსი და საჭირო ტექნიკური ცოდნა მივაწოდოთ სტუდენტებს. კურსი სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, თავიანთ არჩეულ პროფესიას დაეუფლონ და, მეორე მხრივ, სწავლის პერიოდშივე ახალი სპეციალობისთვის დამატებითი ცოდნა შეიძინონ”, - განმარტავს ლევან სუხიტაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოდილერობა სრულ განაკვეთზე მუშაობას არ მოითხოვს. შესაბამისად, სასწავლო კურსი სრულადაა ორიენტირებული სტუდენტების ხელშეწყობაზე, რომელთაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ და მოქნილი სამუშაო გრაფიკი ესაჭიროებათ, რათა განათლების მიღებაში დაბრკოლებები არ შეექმნათ.

“დასაქმების ბაზარი საკმაოდ ფართოა და რიგ შემთხვევაში სტუდენტისგან უზარმაზარ რესურსს მოითხოვს, რომელიც ისევ მათ სწავლა-განათლებას აკლდება. შესაბამისად, ჩვენ შევასწავლით პროფესიას, რომელიც მათგან სრულგანაკვეთურ შრომას არ მოითხოვს, არამედ, დროის გარკვეულ [მცირე] მონაკვეთს.

2023 წელს სტუ-ში ელექტრომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის შექმნის მიზანი საავტომობილო დარგის განვითარების მხარდაჭერა იყო, რაც მათ შორის, ბაზარზე მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებით მიიღწევა.

კურსის ფარგლებში დილერები იღებენ ყველა საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას, ამასთანავე ეუფლებიან მათი პროფესიისთვის აუცილებელ უნარებს, რომლებიც მომხმარებელთან კომუნიკაციაში ეხმარებათ და შეკვეთის მიღებასა და ავტომობილის შესყიდვისთვისაა საჭირო. შესაბამისად, კურსი მოიცავს დისტანციური საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, ავტომობილების თავისებურებების და აუქციონის წესების ძირეულ ცოდნას. ყოველივე ამას კი Lion Trans უზრუნველყოფს”, - განმარტავს Lion Trans-ის გენერალური დირექტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოდილერობა მოთხოვნადი პროფესიაა, ქართული საგანმანათლებლო სივრცე ამ სპეციალობის დაუფლების შესაძლებლობას ამ დრომდე არ იძლეოდა. Lion Trans-ი პირველი კომპანიაა, რომელიც, არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას აძლევს სტუდენტებს, არამედ დასაქმების რეალურ პერსპექტივებსაც აჩენს.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით პიონერები ვართ. დილერის სასწავლო, ზოგადსაგანმანათლებლო კურსი ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა და ვამაყობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. გვეძლევა საშუალება, ავტოდილერობისთვის საჭირო მეტი ცოდნა, რესურსები თუ უნარ-ჩვევები აკადემიურ სივრცეშივე გავაჩინოთ.

ამასთან, სასწავლო კურსის გავლა, ფაქტობრივად, უკვე არის დასაქმება. Lion Trans-ი მზა პლატფორმას გთავაზობთ და გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ის, შედეგად თქვენ უკვე იწყებთ მუშაობას ჩვენთან ერთად და დილერთა კვალიფიციურ და გამოცდილ გუნდს უერთდებით, რომლებიც გლობალურ მასშტაბზე არიან გასულები”, - განმარტავს ლევან სუხიტაშვილი.

საინტერესოა ისიც, რომ კურსის ფარგლებში, Lion Trans-ი ერთ-ერთ უმსხვილეს ავტოაუქციონთან, IAA-სთან ითანამშრომლებს, რაც სტუდენტებს ამერიკული პლატფორმის სრულად ათვისების საშუალებას აძლევთ.

“IAA-სთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სერვისები ხდება ბევრად უფრო მოქნილი, გვაქვს უკეთესი გადახდის პირობები და ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი. გარდა ამისა, ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ფინანსური დანახარჯები, რაც შეიძლება, მინიმალური იყოს - IAA სწორედ ამის საშუალებას იძლევა. დილერისთვის შესაძლებელი ხდება, სასურველი ავტომობილი მინიმალური დანახარჯებით ჩამოიყვანოს”, - განმარტავს ლევან სუხიტაშვილი.

“ავტოდილერთა მომზადების ტრენინგკურსი” სამ ეტაპადაა დაყოფილი და თეორიული მასალის გაცნობას, პრაქტიკულ სამუშაოებსა და შეფასება/სერტიფიცირების პროცესს მოიცავს. დაინტერესებული პირებისთვის მასში ჩართვა უფასოა. მეტიც, წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის Lion Trans-ი, სტუ-სთან ერთად, წამახალისებელ სტიპენდიასაც გამოყოფს.

Lion Trans-ში აღნიშნავენ, რომ სტუდენტების გადამზადების კურსი მხოლოდ დასაწყისია. კომპანიის სამომავლო გეგმებში, პირველ რიგში, ამ სექტორით დაინტერესებული თითოეული სტუდენტის მოცვა შედის, მოგვიანებით კი, მათი პლატფორმა ყველა დაინტერესებული პირისთვის გახსნის კარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები