მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლივერპული“ კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ჟოტას ოჯახს გადაუხდის და მისი შვილების განათლების ხარჯს დაფარავს

დიოგო ჟოტა

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს. ამის შესახებ პორტუგალიურ გამოცემა Record-ზე დაყრდნობით, ინფორმაციას gazetaexpress ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული. მედიაზე დაყრდნობით, კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ანაზღაურება 14.5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

შეგახსენებთ, 28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.

დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები