ტაქსის სექტორში დაგეგმილმა რეგულაციებმა, რომელიც მძღოლებისა და ავტომობილების მიმართ მოთხოვნებს ამკაცრებს, შესაძლოა, მომსახურების გაძვირება და ლოდინის დროის ზრდა გამოიწვიოს.
როგორც „რაშის“ დამფუძნებელმა ნოდარ ლაცაბიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიწოდების შემცირების ფონზე ტაქსის ტარიფები გრძელვადიან პერიოდში დაახლოებით 10–15%-ით გაიზრდება.
„ამ საკითხს სიფრთხილით ვუყურებთ, რადგან აქ ორი მნიშვნელოვანი მხარე იკვეთება. ერთი მხრივ, არის მცდელობა, რომ მომსახურებაში ჩართული იყვნენ ქართულენოვანი მძღოლები და მომხმარებლებს კომუნიკაციის პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა მეორე მხრივ, ეს პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის ფუნქციონირებას, ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს.
ჩვენს შემთხვევაში, კომპანია „რაშიში“, მძღოლთა დაახლოებით 10–12% მოდის რეგისტრაციის მოთხოვნაზე, ხოლო კონკურენტებთან ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. შესაბამისად, მათი სისტემიდან მძღოლების ნაწილის გამოთიშვა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს როგორც ფასების ზრდას, ისე ლოდინის დროის გახანგრძლივებას. ჩვენი მოლოდინით, გრძელვადიან პერიოდში ტაქსის მომსახურება შესაძლოა დაახლოებით 10–15%-ით გაძვირდეს, რასაც დამატებით გავლენას მოახდენს საწვავის ფასები და ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციებიც, მათ შორის ძველი მანქანების შეზღუდვა.
ეს პროცესი ჯაჭვურ ეფექტს ქმნის — მძღოლების რაოდენობის შემცირება ამცირებს მიწოდებას, რაც ზრდის ფასს და ართულებს ახალი მძღოლების ჩართვას, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედარებით იაფი ავტომობილების გამოყენებაც იზღუდება.
ამასთან, რეგულაციების აღსრულების მექანიზმები და პასუხისმგებლობები ჯერ კიდევ გარკვეულწილად ბუნდოვანია. ტაქსის მძღოლები კომპანიებისთვის პარტნიორები არიან და არა დასაქმებულები, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება კონტროლი და ადაპტაცია ახალ წესებთან. მთლიანობაში, ცვლილებები შესაძლოა გარკვეულწილად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, თუმცა ფასის ზრდა და მიწოდების შემცირება, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება, რაც საბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.




























