ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში, ამ დროისთვის ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის მშენებლობა 1 310 კმ-ზე შენდება.
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისი პერიოდს მოიცავს. ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე აღნიშნული მოხსენებით 27 ივნისს წასდგება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება.
პროექტის − Log-In Georgia ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 800 კმ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის მშენებლობა (აბაშა-სენაკი, წყალტუბო-ვარციხე-ხონი, ჭიათურა-საჩხერე). ამის გარდა, მშენებლობა მიმდინარეობს 1310 კმ მონაკვეთზე, ხოლო 2024 წლის ივნისამდე აშენებული იყო 760 კმ (რაჭა, ლეჩხუმი, სამტრედია-ჩოხატაური, ქობულეთი-ხელვაჩაური, ზუგდიდი, ქობულეთი).
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში − 1,600 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მომსახურებები უკვე აქტიურია. ქსელის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 290 დასახლებულ პუნქტსა და 190,000-ამდე მოსახლეს, რომელთაც შეექმნათ ფართოზოლოვან მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
ამ დროისთვის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტმომსახურებით, აღნიშნული სახელმწიფო ქსელის გავლით სარგებლობს, დაახლოებით, 100,000 ადამიანი“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პროექტ Log-In Georgia-ს ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისათვის, დამტკიცდა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ითვალისწინებს ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისა და მშენებლობისათვის ნებართვების გამარტივების საკითხებს.
„სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში და, არამარტო მის ფარგლებში, აშენებული საბითუმო ინფრასტრუქტურის მაქსიმალური რეალიზებისა და „ბოლო მილის“ სერვისის განვითარებისათვის, მსოფლიო ბანკის საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, დასრულდა საქართველოს სოფლებში „ბოლო მილის“ კავშირის გაძლიერებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და რეკომენდაციები, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა აქტივობები და დახმარების პროგრამები, რათა ტელეკომოპერატორებმა საბითუმო ქსელის საშუალებით მომსახურება მიაწოდონ ბოლო მომხმარებელს (მოსახლეობასა და ორგანიზაციებს).
ამასთან, დასრულდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში „ბოლო მილის“ კავშირის განვითარების საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“, - ნათქვამია ანგარიშში.




























