Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვის განცხადებით, ლოგისტიკაში ინფრასტრუქტურის ნაწილში სასწრაფო ზომებია მისაღები. ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციის დასრულების შემდეგ BMG-ის განუცხადა.
მისი შეფასებით, „შუა დერეფანი“ საკმაოდ სწრაფად ვითარდება.
„ამას ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება, მეტი ინვესტიცია და ძალისხმევა სჭირდება. ინფრასტრუქტურის ნაწილში ზომები სასწრაფოდ არის მისაღები. ეს გაცხადებულია, თუმცა რომ დავაჩქაროთ და რაც გასაკეთებელია უფრო სწრაფად გავაკეთოთ, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე იქნება მშვენიერი“, - განაცხადა ნამადოვმა.
კითხვას - კონკრეტულად რა პროექტები უნდა შესრულდეს ლოგისტიკური ჯაჭვის გამართული მუშაობისთვის, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი პასუხობს: „ლოგისტიკური ცენტრებია განსავითარებელი და ახალი ასაშენებელი, მულტიმოდალური ცენტრები, რომლებიც მიბმული იქნება რკინიგზასთან და აღჭურვილი იქნება. ქვეყანაში გადაიარაღებაა საჭირო და საფიქრალია, რომ შევქმნათ ბაზისი, იმისთვის რომ გადამზიდავებს ახალი ტექნიკის შეძენის და გამსხვილების ინტერესი ჰქონდეთ.
გადაზიდვის მარშრუტები რამდენიმე ათასი კილომეტრით გაიზარდა და დღეისთვის უკვე ვიწყებთ ტრანსკონტინენტურ გადაზიდვებს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. მესამე მიმართულება იქნებოდა სისწრაფე გამშვებ პუნქტებზე და სანებართვო სისტემა შუა დერეფანში, რითაც ყველა ქვეყანა ისარგებლებდა და ზედმეტ ბარიერებს ავიცილებდით“, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.