პროდუქციის საბოლოო ფასზე გავლენა იმ ფაქტორებზე მუშაობით არის შესაძლებელი, რომლებიც ფასის ფორმირებას განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკაა. ამის შესახებ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრია განაცხადა.
კომისიის სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძე კითხვის პასუხად, შესაძლებელია თუ არა პროდუქციაზე ფასების შემცირება, ალექსანდრიამ აღნიშნა, რომ ფასი საბოლოო მაჩვენებელია და ბიზნესმა უნდა იმუშაოს იმ კომპონენტებზე, რომლებიც მას განსაზღვრავს.
"ფასი არის საბოლოო მაჩვენებელი. ჩვენ ვხედავთ, ვიმუშაოთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ფასს განაპირობებს და ჩვენს შემთხვევაში, მთავარი რამ, რაც უნდა გადალახოს სექტორმა ეს არის ფრაგმენტირებული მიწოდება და აქ გამოსავალი არის ლოგისტიკის ცენტრალიზაცია. ეს მნიშვნელოვან რესურსებს გამოათავისუფლებს", - თემურ ალექსანდრია.
ბაკარაძემ დასვა დამაზუსტებელი კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი ფასების შემცირება და ალექსანდრიამ გაიმეორა:
"ფასი არის საბოლოო მაჩვენებელი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის მდგენელ ფაქტორებზე. ჩვენს შემთხვევაში და დანარჩენ განვითარებულ ბაზრებზეც, ამის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ლოგისტიკაა. ჩვენ თუ უზრუნველვყოფთ და უზრუნველვყოფთ კიდეც ლოგისტიკის ცენტრალიზაციას, ამ შემთხვევაში მოხდება მნიშვნელოვანი ეკონომიკა ჯაჭვში და დიახ, ეს საშუალებას მოგვცემს პროდუქტებზეც ავსახოთ", - განაცხადა ალექსანდრიამ.
დღეს პარლამენტში საფასო პოლიტიკის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად დეპუტატები მსხვილი საცალო ქსელების ოპერატორებს ხვდებიან, რათა ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და საოპერაციო პროცესები განიხილონ.
მანამდე კომისიამ უკვე გამართა ექვსი შეხვედრა, რომლებზეც მოუსმინეს კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, პურ-პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს.
საგამოძიებო კომისიამ მუშაობა, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს და წარმოადგინოს დასკვნა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ფორმირების მიზეზების შესახებ. პარალელურად, კომისიის გადაწყვეტილებით ფასწარმოქმნის სტრუქტურად უცხოური კომპანია შეისწავლის, რომლის გამოსავლენადაც საერთაშორისო ტენდერია დაგეგმილი.




























