მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგისტიკური სირთულეების ფონზე, „აგრო-კომი“ იმპორტირებული სასოფლო ტექნიკის გაძვირებას განიხილავს

აგროკომი

ფერმერთა მომსახურებისა და კონსულტაციების კომპანია „აგრო-კომი“ ფასების გაზრდას გეგმავს, რასაც გლობალური გარემოებების გავლენა განაპირობებს, ლოგისტიკასა და იმპორტზე. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი მერკვილიშვილმა განაცხადა.

„ახლა სიტუაციას ვაკვირდებით. ლოგისტიკის ფასები მკვეთრად გაზრდილი და შეფერხებულია. შესაბამისად, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ალბათ კომპანია ფასების დაკორექტირებას განიხილავს. ვფიქრობთ, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ფასებს 3-დან 5 პროცენტამდე დავაკორექტირებთ. ტარიფების შენარჩუნებას მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ ყოველდღიურად საერთაშორისო ლოგისტიკური ტარიფები იმდენად ძვირდება, რომ ამის შენარჩუნება ძალიან გვიჭირს. ალბათ სხვა კომპანიებსაც მოუწევთ ამ ყველაფრის გადახედვა“, – ამბობს მერკვილიშვილი.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის მუდმივი გამოწვევა კადრია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში განსაკუთრებით დეფიციტურია: „აგრონომები გვჭირდება უფრო მეტად, მექანიზატორები და ტექნიკური პერსონალი. ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპისთვის არის კადრი“, – აღნიშნავს მერკვილიშვილი.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და უკვე 15 წელზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მუშაობს. „ჩვენი ძირითადი სერვისები არის ფერმერთა ინტენსიური დახმარება ტექნოლოგიებით, კონსულტაციებით და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით. ჩვენი სერვისის მიწოდება განისაზღვრება როგორც კონსულტაციით, ასევე პესტიციდებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ტრაქტორებით, მექანიზაციით და სხვადასხვა აგრეგატებით. მექანიზაციის მიმართულებით ლიდერი კომპანია ვართ საქართველოში“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი.

ირაკლი მერკვილიშვილის თქმით, კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან მსხვილი და წვრილი ფერმერული მეურნეობები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. სომხეთში „აგრო-კომი“ სადისტრიბუციო მიმართულებით ფუნქციონირებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტრაქტორებისა და აგრეგატების რეექსპორტს ახორციელებს. „ფერმერებს საერთაშორისო საკონსულტაციო პაკეტებს ვთავაზობთ, რომლებიც მეხილეობის დარგში მუშაობენ. ჩვენ იტალიურ საკონსულტაციო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ და იტალიელი კონსულტანტების ერთობლივი მუშაობით საქართველოში ფერმერული წარმოება ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა და ეკონომიკური ეფექტიანობა უფრო სტაბილურია“, – აღნიშნავს ის.

კომპანია იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ახორციელებს და როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუტორს წარმოადგენს: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ის ტექნოლოგიები შევთავაზოთ, რომლებიც ამ წუთში მუშაობს ნებისმიერ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას წარმოების ხაზს მართავს – 30 ჰექტარზე მეჯვრისხევში გაშენებულია ვაშლის, მსხლის, ატმისა და ბლის ინტენსიური ბაღები, სადაც აქტიურ სეზონზე დასაქმებულია დამატებით 15 ადამიანი. მთლიანობაში, „აგრო-კომში“ მუდმივ სამუშაო რეჟიმში დასაქმებულია დაახლოებით 75 ადამიანი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს კომპანია რეგიონული გაფართოებას სომხეთში აპირებს, ასევე კახეთის ფილიალის განახლებას და რამდენიმე ინოვაციური პროდუქტის დამატებას გეგმავს, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები