Apple Silicon-ის სერიის პროცესორი ლოკალური ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაშვებად შთამბეჭდავად არის ოპტიმიზებული, რაც ბაზარზე შესაბამის მოთხოვნასაც აჩენს. ამჟამად ბაზარზე Mac Studio-სა და Mac mini-ს დეფიციტია, რადგან მომხმარებლები მაღალი წარმადობისა და დიდი მოცულობის მეხსიერების მქონე მოწყობილობებს მასობრივად ყიდულობენ.
Mac-ების შესყიდვის მიზანი მარტივია – მომხმარებლებს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აგენტების მუდმივ რეჟიმში მუშაობა სურთ, რისთვისაც მათ ლოკალური სიმძლავრე სჭირდებათ და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი სწორედ Mac-ია.
ამ ყველაფრის ფონზე, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Apple-მა შესაძლოა სერვერული მომსახურების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტოს, რისი პრეცედენტიც წარსულში Xserve-ის სახით უკვე არსებობდა. კომპანიას შეუძლია AWS-ის მსგავსი ღრუბლოვანი პლატფორმა შექმნას, სადაც მომხმარებლები ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ Apple Silicon-ის სიმძლავრეებსა და macOS-ზე დისტანციურ წვდომას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ Apple-ს ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, Private Cloud Compute-ის სახით, ნაწილობრივ უკვე გააჩნია, რაც ამჟამად Apple Intelligence-ის მოდელების მომსახურებისთვის გამოიყენება.
სერვერული ბიზნესის პოტენციალი ფინანსურად საკმაოდ მიმზიდველია, რასაც Amazon-ის მაგალითიც ადასტურებს, რომლის მოგების ნახევარზე მეტი სწორედ AWS-ზე მოდის.
Apple-ის შემთხვევაში, $4,000-იანი კომპიუტერის ერთჯერადად გაყიდვის ნაცვლად, ღრუბლოვანი გამოთვლითი სიმძლავრეების გაქირავება თვეში $200-ზე მეტი სტაბილური შემოსავლის წყარო გახდება.
ტიმ კუკის შესაძლო გადადგომისა და ხელმძღვანელობაში ჯონ ტერნუსის მოსვლის ფონზე, რომელიც აპარატურული უზრუნველყოფის მიმართულებას კურირებს, კომპანიის მხრიდან ამ სტრატეგიის არჩევა სრულიად რეალისტური იქნება.




























