მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოკოკინაზე მოთხოვნა ხელოვნურად შექმნეს და რეალურად, ბევრი ფერმა პროდუქციას ვერ ყიდის“ - ფერმა

ლოკოკინა

"ჩემი გადმოსახედიდან, ლოკოკინაზე მოთხოვნა ხელოვნურად შექმნეს და რეალურად ბევრი ფერმა პროდუქციას ვერ ყიდის“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ახალციხეში მდებარე ლოკოკინების ფერმის დამფუძნებელმა, ზურაბ სადათიერაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ლოკოკინაზე ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნის პარალელურად, საქართველოში არაერთი ფერმერული მეურნეობა შეიქმნა. შედეგად, ზოგიერთი მათგანი გაკოტრების პირასაა და ზოგიც დაიხურა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ლოკოკინაზე ქვეყნის მასშტაბით მოთხოვნა, ხელოვნურად შექმნეს. ამის პარალელურად, ძალიან ბევრი ფერმა მოეწყო და რეალურად პროდუქციას ვერ ყიდიან. ზოგი ახლა გაკოტრების პირასაა, ზოგი დაიხურა, ზოგი ყიდის და ა.შ. ვინც დარჩა, ისინი ცდილობენ, რომ პროდუქცია ახალციხეში გაყიდონ. ამ მომენტისთვის, მთავარი სარეალიზაციო წერტილი ახალციხეშია.

პროდუქციის მოცულობა რომ გავზარდო, ხომ უნდა გავყიდო კიდეც. შესაბამისად, იწარმოება იმდენი, რასაც ადგილზე ვყიდი. წელს ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა. ადრე თუ მხოლოდ ზამთარში ვყიდდით, წელს ზაფხულშიც გავყიდეთ. მოთხოვნა ახალციხეში მდებარე რესტორნებიდან იყო. სუპერმარკეტებს არ ვამარაგებთ, რადგან მათ რაღაც დონეზე გადამუშავებული, სასაქონლო სახე მიღებული ლოკოკინა უნდათ. ჩვენ კი ამ ეტაპზე მხოლოდ წარმოებით ვართ დაკავებული“, - ამბობს ფერმერი.

მისივე ინფორმაციით, ფერმა ამჟამად სტაბილურობის შენარჩუნებას და წარმოების მცირედით გაფართოებას ცდილობს. ამ ეტაპზე, ფერმაში დაახლოებით 2 ტონა ლოკოკინა იწარმოება და წარმოების დაახლოებით 20-25%-ით ზრდაა დაგეგმილი.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, ახალციხეში 1 კილოგრამ ლოკოკინას ფერმერული მეურნეობა 20-25 ლარად ყიდის.

ინფორმაციისთვის, ლოკოკინის ფერმა ახალციხეში 2020 წელს გაშენდა, პირველ ეტაპზე 100 კვ.მ-ზე. მეურნეობამ წელიწადში 200 კილოგრამი ლოკოკინის წარმოებით დაიწყო და ახლა უკვე დაახლოებით 2 ტონა ლოკოკინას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები