მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის" დამფუძნებელი აქციაზე სასტიკად სცემეს

ერეკლე ლოლაძე

"ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის" დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე ძმასთან ერთად 30 ნოემბრის ღამეს, პროევროუპულ საპროტესტო აქციაზე სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის აღნიშნავს, რომ ეს კადრები ტელეეთერებშიც იყო.

"ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ! ყველაზე მხდალი ხალხია ჩვენს წინააღმდეგ, მოპარვით, ნიღბებით სულ ცოტა 50 კაცმა გვცემა მე და ჩემი ძმა, დაბლა დაყრილზე ფეხებით გვივლიდნენ. ორივე ყბა მომტეხეს, ჩემი ძმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყავთ. ბრძოლას ვაგრძელებთ! დიდება საქართველოს! თავისუფლება ჩვენია!" - წერდა 30 ნოემბრის დილის საათებში საავადმყოფოში გადაყვანილი ლოლაძე.

ძალადობის შედეგად მას ყბის ორივე ძვალი ჩაუმტვრიეს. საავამდყოფოში ერეკლე ლოლაძეს ჩაუტარდა ოპერაცია.

ბიზნესმენი BM.GE-სთან სასტიკი ძალადობის დეტალებს იხსენებს მსხვერპლი: "უცებ გამოვარდნენ სკოლის უკან ეზოდან, დამალულები იყვნენ. მე და ჩემი ძმა არ გავიქეცით, გავჩერდით და დაგვყარეს (ვიდეოშია ეს ნაწილი). მერე, დაახლოებით კიდევ ორჯერ ავდექი და ისევ დამაგდეს (გიოს ვეღარ ვხედავდი ამ დროს) და წაქცეულზე მირტყამდნენ.

ერთმა დაიძახა, ხელები დაუჭირეთო და სპრეი მომატარა სახეზე. ლაპარაკი გავიგე, კამერები მოვიდნენ აქ აღარ ვცემოთ, იქით მივხედოთო, რომ გამასწორეს TV პირველის ჟურნალისტი ოპერატორი დავინახე. იმათ როგორც გავცდით, შეგვაგდეს ჯერ რობოკოპებში, დაბლა დამაგდეს და ყველაფერს მირტყავდნენ.

- თავში ურტყით, მოკალითო შეძახილი ჰქონდა. მოკლედ, იქ სხვადასხვა შემადგენლობამ მაგრად მცემა კიდევ. ერთი 4-5 ჯერ დამაგდეს და აქეთ-იქით მათრევდნენ ფეხის რტყმით. ერთი ორივე ფეხით დამადგა და ხტუნაობდა. სდსს-ს შენობასთან იდგა დაკავების მანქანა და იქამდე ასე, ცემით მიმათრიეს.

იგივე მითხრა ჩემმა ძმამაც. მას შემდეგ, რაც გადაგვიყვანეს, ძალადობა შეწყდა, არაფერი უკვე. პატრულმა რომ გადაიბარა იმათ ხელი არ დაუდიათ. პირიქით, ყურადღების მოქცევას ცდილობდნენ. ვარკეთილში გადაგვიყვანეს და იქიდან მე კლინიკაში წამიყვანეს. მერე, ჩემი ძმა ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში.​

ოპერაცია ჩამიტარდა. მარტივი არ იყოო ქირურგმა. არ აპირებდა, მაგრამ ორივე მხარეს გაჭრა მოუწია ჯერ კლინიკაში ვარ. ალბათ, კიდევ 4 დღე გამაჩერებენ აქ", - ამბობს ლოლაძე bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები