მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლონდონის ბირჟამ ტრანზაქცია კარგად მიიღო“ – BOGG-ის აღმასრულებელი დირექტორი „ამერიაბანკის“ შეძენაზე

საქართველოს ბანკის ჯგუფი

"საქართველოს ბანკის" ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ჯგუფის მიერ სომხეთის მოწინავე ბანკის - „ამერიაბანკის“ შეძენა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე BGEO -ს აქციების ფასზე დადებითად აისახა. „ბირჟამ ძალიან კარგად მიიღო“ - ასე აფასებს გაჩეჩილაძე ტრანზაქციას.

BOGG-ის მიერ უმსხვილესი სომხური ბანკის შეძენის შესახებ არჩილ გაჩეჩილაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ტრანზაქციისთვის მზადება 2023 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო და პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო.

„მოწინავე დიდი ბანკის ყიდვა მარტივი პროცესი არ არის, რადგან ეს 3.5 მლრდ დოლარის აქტივია, სადაც კაპიტალი $500 მილიონია. ამიტომ უნდა განხორციელებულიყო შესწავლა, რაშიც ჩართულები იყვნენ J&P Morgan, როგორც მთავარი მრჩეველი, McKinsey, როგორც იურისტი, Earnst & Young და ჩვენი გუნდი. შესწავლას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. ძალიან საინტერესო იყო შეთანხმების ხელმოწერის წინა საღამო, რა დროსაც დასტური როგორც სამეთვალყურეო საბჭოდან, ასევე გამყიდველის მხარიდან უნდა მიგვეღო, გამყიდველის მხრიდან ჩართულნი იყვნენ EBRD, ADB. ორშაბათს დილით კი მოვაწერეთ ხელი და გამოვაცხადეთ ბირჟაზე. ძალიან კარგად მიიღო ბირჟამ, ჩვენმა ინვესტორებმა, რადგან ყველას ესმის რამხელა პლიუსია მოწინავე ბანკის შეძენა, მათთვის კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიების გადაცემა და სერვისების გაძლიერება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

კითხვას - რატომ გადაწყვიტა საქართველოს ბანკის ჯგუფმა სომხეთის ბაზარზე შესვლა, ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ სომხეთის ეკონომიკა სტრუქტურულად საქართველოს ეკონომიკის მსგავსია და ამავე დროს მისი ზომა 20%-ით ჩამორჩება ჩვენი ქვეყნისას, შესაბამისად, ამ ბაზარზე საფინანსო მომსახურების განვითარება „საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის“ საინტერესოდ და მისაღებად შეფასდა.

BOGG-ის აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ სომხეთში ამ ზომის ინვესტიცია არ ჩადებულა. გაჩეჩილაძე მეზობელ ქვეყანაში მსხვილ საბანკო ტრანზაქციას სომხეთისთვის შესაძლებლობად აფასებს, რადგან ლონდონის ბირჟაზე დალისტული BGEO-ს აქციონერები მსხვილი დასავლური ფონდები არიან, ეს კი სომხეთის მიმართ დასავლელი ინვესტორების ყურადღებას გაზრდის.

სომხეთმა ბოლო წლების განმავლობაში დასავლურ ინვესტიციებთან მიმართებით კარი ფართოდ გააღო. „ამერიაბანკის“ შეძენა ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა - სომხეთის ისტორიაში კომპანიის კაპიტალში ჩადებული $300 მლნ ყველაზე დიდი თანხაა. ამხელა ინვესტიცია, კაპიტალში სომხეთში არ ჩადებულა. ვულოცავ სომხეთს, რადგან ეს არის შესაძლებლობა მეტად დააინტერესონ დასავლელი ინვესტორები და ჩვენი აქციონერი კომპანიები, რადგან მათთვის საქართველოს ბანკის ჯგუფის გავლით სომხეთი ამ ბიზნესის ერთ-ერთი კონტრიბუტორი ხდება. მათი ინტერესიც უფრო გაიზრდება, რადგან სომხეთში საჯარო კომპანია, ჯერჯერობით, არ არსებობს და „ამერიაბანკი“ იქნება პირველი, რომლიც საქართველოს ბანკის ჯგუფში იქნება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" მიერ სომხეთის უმსხვილესი ბანკ „ამერიაბანკის“ შეძენა 19 თებერვალს საბოლოოს დადასტურდა. BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური "ამერიაბანკის" აქციების 100% 303,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

„საინვესტიციო ბანკ Numis-ის ანალიტიკოსის ვარაუდით, “ამერიაბანკის” შესყიდვა BOGG-ის მოგებას 20%-ით გაზრდის. მისი თქმით, ის სომხური ბანკების კონსოლიდაციის სამომავლო პოტენციალსაც ხედავს. კავკასიურ ბანკებს შორის შეთანხმება ლონდონშიც დადებითად მიიღეს, მას შემდეგ რაც საფონდო ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება 6.6%-ით გაიზარდა და რეკორდულ £42.25-ს მიაღწია", - წერს The Times.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები