“ლოპოტა სპა რეზორტზე” 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. კომპანია მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეებზეც მუშაობს.
საზაფხულო სამზადისზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქევანიშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ კურორტი, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსების კუთხით, სტუმრების დასახვედრად მზადაა.
“მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს, საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით გარკვეული ჩავარდნები გვქონდა, წლევანდელი მოლოდინები ნამდვილად იმედის მომცემია. 2024 წლის I კვარტალში დინამიკა უკვე არის პოზიტიური და მზარდი. ველოდებით ზაფხულის სეზონს და მზად ვართ, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსის კუთხით”, - ამბობს ქევანიშვილი.
“ლოპოტა” დამსვენებლებს 1 ივნისიდან ახალ, 80-ნომრიან სასტუმროს შესთავაზებს. თუმცა ეს ერთადერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ იქნება, რომლის გახსნაც კურორტზე ზაფხულის პირველივე დღეს იგეგმება.
“სიახლეები ძალიან ბევრი გვაქვს. 1 ივნისიდან ახალ, რიგით მე-16 სასტუმროს ვხსნით, რომელიც მაღალი, პრემიუმ კატეგორიის დამატებით 80 ნომრით იქნება დაკომპლექტებული. სასტუმროს ექნება 35-მეტრიანი აუზი, ბუნგალო და ა.შ.
გარდა ამისა, “ლოპოტაზე” სრულიად განსხვავებული ტიპის აკვაპარკი ეწყობა, არა ისეთი, როგორსაც შეჩვეულები ვართ, არამედ, ეს იქნება, სრულიად უნიკალური, ენდემური ჯიშებისგან გაშენებულ ტყეში ჩაფლული მწვანე აკვაპარკი”, - აღნიშნავს “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი.
ამასთან ერთად, კურორტზე, 1 ივნისიდან ჯაზკლუბი გაიხსნება - საღონისძიებო სივრცის აკუსტიკაზე საერთაშორისო დონის სპეციალისტებმა იმუშავეს. თითოეული ამ პროექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები კი უკვე დასრულებულია.
“ლოპოტა სპა რეზორტის” დასასვენებელი კომპლექსი კახეთში 2008 წლიდან ამოქმედდა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდეგ, კომპლექსში სასტუმრო ნომრების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს.