მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოს-ანჯელესში სტიქიას მინიმუმ 24 ადამიანი ემსხვერპლა - რამ გამოიწვია ხანძარი?

ხანძარი

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, გასულ სამშაბათს გაჩენილი ხანძრის გამო მსხვერპლის რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, ძებნა-შველის სამუშაოები კი კვლავ გრძელდება - ამის შესახებ BBC იტყობინება.

მეხანძრეებმა ქალაქის ორ ყველაზე მასშტაბურ კერაზე გარკვეულ პროგრესს შაბათ-კვირას, ქარის ჩადგომის შემდეგ მიაღწიეს, თუმცა მიმდინარე კვირაში ძლიერი ქარი ოთხშაბათამდე შენარჩუნდება, რაც ხანძრის კიდევ უფრო გავრცელების საშიშროებას აჩენს.

ქალაქის ყველაზე დიდი ხანძარი - Palisades Fire - ამ დრომდე მხოლოდ 14%-ით არის ლიკვიდირებული. ცეცხლი აღმოსავლეთის მიმართულებით ვრცელდება და საფრთხეს ლოს-ანჯელესის ცნობილ მუზეუმს, Getty Center-ს უქმნის - მუზეუმის პერსონალი ევაკუირებულია.

ლოს-ანჯელესში წითელი განგაში, რაც ცეცხლის გავრცელების მაღალ რისკზე მიუთითებს, ოთხშაბათამდე, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე შენარჩუნდება.

ევაკუირებულ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება, ზარალის მოცულობა კი იმატებს. დაზიანებულია 12 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა, ექსპერტების პროგნოზით კი ზარალი $150 მილიარდს აღემატება.

რამ გამოიწვია სტიქია?

ლოს-ანჯელესის შერიფის, რობერტ ლუნას ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და ყველა შესაძლო სცენარი განიხილება.

გამოძიებამ უკვე გამორიცხა ჭექა-ქუხილის გამო ცეცხლის გაჩენის შესაძლებლობა. მათივე ვერსიით, მიზეზი არც ელექტროგადამცემი ხაზებია.

გამოძიებით დგინდება, რომ ხანძარი განზრახ გაჩენილი არ არის, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში გამოვლენილია დაუდევრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები