მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-სა და Dior-ს ახალი გენერალური დირექტორები ჰყავთ

63beb08870e5d
გიორგი თოლორდავა
11.01.23 17:15
1115
მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე, ბერნარ არნო მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. უშუალოდ არნოს გადაწყვეტილებით, კომპანია Christian Dior-ის გენერალურ დირექტორად მისი ქალიშვილი, დელფინ არნო დაინიშნა; Louis Vuitton-ის CEO კი მისი უახლოესი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი, პიეტრო ბეკარი გახდა.

ორივე ზემოხსენებული კომპანია ჰოლდინგური კონგლომერატის, Louis Vuitton Moët Hennessy-ის შვილობილი ორგანიზაციებია. თავად LVMH-ის ხელმძღვანელი და უმსხვილესი აქციონერი კი ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნოა, რომელიც ამჟამად $203-მილიარდიანი ქონებით Forbes-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

თავად LVMH ევროპის უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 415 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მოდის ინდუსტრიაში პირველ ადგილს იკავებს. მრავალპროფილური ჰოლდინგი 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Givenchy, Marc Jacobs, Stella McCartney, Loewe, Loro Piana, Kenzo, Celine, Sephora, Princess Yachts, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს Dior-ის თავმჯდომარედ ბერნარის ვაჟი, ანტუან არნო დაინიშნა. ყოველი ეს ცვლილება კი იმაზე მიუთითებს, რომ არნოს მოდის ინდუსტრიასა და LVMH-ის შვილობილ კომპანიებზე საკუთარი ოჯახის გავლენის გაძლიერება სურს.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, 73 წლის მეწარმე LVMH-ის თავმჯდომარეობიდან გადადგომას არც კი განიხილავს, უფრო მეტიც, უშუალოდ არნოს ბრძანებით, LVMH-ის შიდა წესდება შეიცვალა და ჰოლდინგის ხელმძღვანელის მაქსიმალური დასაშვები ასაკი 75 წლიდან 80-მდე გაიზარდა.

დელფინ არნოს, პიეტრო ბეკარსა და ანტუან არნოს LVMH-ის შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ისინი არაერთხელ ყოფილან დირექტორისა თუ თავმჯდომარის ამპლუაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები