მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლუდის ბაზარი მაღალკონცეტრირებულია" - GCCA-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ბაზრის მოთამაშეების შერწყმის 3 შემთხვევა იყო

ლუდი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საქმიანობის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც სააგენტო წერს, 2023 წელს ლუდის ბაზარზე საქართველოში 75 კომპანია ოპერირებდა, ბაზრის მოცულობა კი შეადგენდა 131 709 495 ლიტრს.

რაც შეეხება არაალკოჰოლური სასმელების ბაზარს, სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მოქმედებდა - 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 464 757 669 ლიტრს.

სააგენტოს შეფასებით, არაალკოჰოლური სასმელების, ისევე როგორც ლუდის შესაბამისი ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი ორივე შემთხვევაში მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2250).

"კონცენტრაციის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი მეტწილად განპირობებულია ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტების საბაზრო მდგომარეობით - სს „ქართული ლუდის კომპანია“ არ წარმოადგენს ბაზარზე მოქმედ ყველაზე მსხვილ კომპანიას, ხოლო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობის, ისევე როგორც, მსხვილ კომპანიებს შორის წილობრივი განაწილების გათვალისწინებით, ბაზარი კონკურენტულია", - აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში აქტიური გამოდგა ლუდის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბაზრებიც.

"მათ შორის, ცვლილებები იყო ამ ბაზრების რამდენიმე დონეზე. აღნიშნული ცვლილებების შედეგად საინტერესო გადაჯგუფებები მოხდა. შესაბამის ბაზრებზე, 2024 წელს, სააგენტომ ჯამში სამ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, საიდანაც ორის თაობაზე სააგენტოში წინასწარი შეტყობინება იქნა წარმოდგენილი, ერთი კი სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა", - წერია ანგარიშში და დასახელებულია სამივე შემთხვევა:

1. ᲨᲞᲡ „ᲯᲝᲠᲯᲘᲐᲜ ᲑᲘᲔᲠ ᲔᲜᲓ ᲑᲔᲕᲔᲠᲘᲯᲘᲡ ᲰᲝᲚᲓᲘᲜᲒᲘᲡ“, ᲨᲞᲡ „ᲒᲚᲝᲑᲐᲚ ᲑᲘᲔᲠ ᲯᲝᲠᲯᲘᲐᲡ“, ᲨᲞᲡ „ᲒᲔᲜᲣᲘᲜ ᲑᲠᲔᲕᲘᲜᲒ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲡ“, ᲨᲞᲡ „ᲒᲚᲝᲑᲐᲚ ᲥᲝᲤᲘ ᲯᲝᲠᲯᲘᲐᲡᲐ“ ᲓᲐ ᲨᲞᲡ „ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲓᲘᲡᲢᲠᲘᲑᲣᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲚᲝᲒᲘᲡᲢᲘᲙᲐᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ

2024 წლის 17 დეკემბერს, შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“ მიერ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა.

2. ᲨᲞᲡ „ᲓᲔᲘᲚᲘᲡᲐ“ ᲓᲐ ᲨᲞᲡ „ᲐᲚᲙᲝᲠᲘᲗᲔᲘᲚ ᲒᲠᲣᲞᲘᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ
2024 წლის 27 დეკემბერს, შპს „დეილის“ მიერ შპს „ალკორითეილ გრუპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა. GCCA-ის მიერ შეფასდა - ალკოჰოლური სასმელების წარმოება/იმპორტის ბაზარი.

3. ᲡᲡ „ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲚᲣᲓᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡᲐ“ ᲓᲐ ᲨᲞᲡ „ᲖᲔᲓᲐᲖᲔᲜᲘ 2012-ᲘᲡ“ ᲡᲐᲥᲛᲔ
2024 წლის 21 მარტს, სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა. GCCA-ის მიერ შეფასდა - ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების, ასევე სადიტრიბუციო მომსახურების ბაზრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები