საქართველოში ლუდის უმსხვილესმა მწარმოებლებმა “ნატახტარმა” და “ზედაზენმა” 2022 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს. ანგარიშების თანახმად, კომპანიების მთლიანი შემოსავლები, ასევე მათი წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულამდე არის გაზრდილი.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიების შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
- სს “ლომისი” (“ნატახტარი”) - შემოსავალი 2022 წელს 200.4 მილიონი ლარი, ზრდა 53.2 მილიონი ლარი;
- სს “ქართული ლუდის კომპანია” (“ზედაზენი”) - შემოსავალი 2022 წელს 102.7 მილიონი ლარი, ზრდა 26.9 მილიონი ლარი.
რაც შეეხება წმინდა მოგებას, “ნატახტარმა” 37 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წლიურად 3 მილიონით მეტი იყო, ხოლო ნატახტარის წმინდა მოგება 9 მილიონი ლარით, 11 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
“ნატახტარის” ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი ადგილობრივი გაყიდვებიდან 110.7 მილიონი ლარი იყო, საექსპორტო შემოსავალი კი 89.7 მილიონ ლარს შეადგენდა, “ზედაზენს” კი ექსპორტისა და ადგილობრივი გაყიდვების ზომის შესახებ ინფორმაცია დეტალურად ჩაშლილი სახით არ აქვს საკუთარ ანგარიშში მითითებული. ამასთან, არცერთი კომპანიის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი შემოსავლები ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სეგმენტების მიხედვით, რადგანაც ორივე კომპანია ლუდთან ერთად, ლიმონათების და გაზიანი სასმელების მსხვილი ადგილობრივი მწარმოებლები არიან.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ნატახტარის” აქტივების ზომა 126 მილიონი ლარია, ხოლო “ზედაზენის” აქტივები 154 მილიონ ლარს შეადგენს. “ნატახტარის” საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა თურქული გიგანტი Anadolu Efes Biracilik Ve Malt Sanayii AS ჯგუფი, ხოლო 2022 წლის მდგომარეობით, “ზედაზენის” მფლობელები არიან კომპანიები “მიქსორი” (63.5%), “პსპ ფარმა” (12.4%) და “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” (24.1%). თავისმხრივ, “ზედაზენის” მაჟორიტარული წილის მფლობელი კომპანიის “მიქსორის” პარტნიორები არიან ცეზარ ჩოჩელი და იზოლდა ჩარიგოგდიშვილი.
სავარაუდოდ, ქართული ლუდსახარშების შემოსავლების მატება 2023 წელსაც გაგრძელდება, რასაც მზარდი საექსპორტო მოთხოვნა განაპირობებს, განსაკუთრებით კი შესამჩნევია მატება საქართველოდან არაალკოჰოკლური გაზიანი სასმელების ექსპორტის მიმართულებით და მან 2023 წლის 75.6 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 49%-ით არის გაზრდილი.