საავიაციო ინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა, Lufthansa Group-მა მიიღო გადაწყვეტილება, რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობის გამო, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ფრენების შეჩერება 24 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს. შეზღუდვა ეხება რეისებს აბუ-დაბის, ამანის, ბეირუთის, ერბილის, მუსკატის, ერ-რიადისა და დამამის აეროპორტების მიმართულებით, ასევე სრულად წყდება კავშირი ირანის დედაქალაქ თეირანთან. ავიაკომპანიის განმარტებით, აღნიშნული ზომები უსაფრთხოების რისკების შემცირებას ემსახურება. Lufthansa-ს წარმომადგენლების თქმით, ირანში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები საჰაერო მიმოსვლისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ფრენების შეჩერების გრაფიკი კონკრეტული ლოკაციებისა და ავიახაზების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, დუბაისა და თელ-ავივის მიმართულებით რეისები 31 მაისამდეა შეაჩერეს Lufthansa-მ, Swiss-მა, Austrian Airlines-მა, Brussels Airlines-მა, ITA Airways-მა და Edelweiss-მა. რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Eurowings-ს, მან ისრაელისა და ლიბანის მიმართულებით ფრენები 30 აპრილამდე გააუქმა, ხოლო დუბაის, აბუ-დაბის და ამანის რეისები, დედა კომპანიის მსგავსად, 24 ოქტომბრამდე დააპაუზა. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ Lufthansa Cargo-ს სატვირთო გადაზიდვები ისრაელის მიმართულებით, არსებული გეგმით, აპრილის ბოლომდე არ განახლდება.
ავიაკომპანია მუდმივ რეჟიმში აკვირდება უსაფრთხოების კონტექსტს და ვადების შემდგომ კორექტირებასაც არ გამორიცხავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფრენების მასშტაბური გაუქმება ევროპასა და ყურის ქვეყნებს შორის საჰაერო დერეფნის მნიშვნელოვან შევიწროებას იწვევს, რაც გავლენას ახდენს როგორც ტურისტულ, ისე ბიზნეს სექტორზე.




























