ჩემპიონობის რაოდენობით ფორმულა 1-ის ყველა დროის რეკორდსმენს ლუის ჰამილტონს სულ მალე “ფერარის” რიგებში ვიხილავთ.
39 წლის მრბოლელი 2025 წლიდან იტალიური გუნდის მესაჭე გახდება. აღნიშნული ინფორმაცია პირველად ინგლისურმა გამოცემა Autosport-მა გაავრცელა, რომელიც ახლახან ლუისის ამჟამინდელმა გუნდმა "მერსედესმა" დაადასტურა.
ცნობისთვის, “მერსედესმა” ჰამილტონსაც და გუნდის მეორე პილოტ ჯორჯ რასელსაც კონტრაქტები ორი წლით 2023 წლის ზაფხულში გაუხანგრძლივა, თუმცა როგორც ჩანს მრბოლელებს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შესაძლებლობაც აქვთ.
103 გამარჯვებითა და 104 პოულ პოზიციით ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პილოტია. სარეკორდო 7 ჩემპიონობით ის რეკორდს ლეგენდარულ მიხაილ შუმახერთან იყოფს.
ჰამილტონი “მერსედესთან” ერთად უკანასკნელ წლებში კონკურენციას ვეღარ უწევს მოქმედ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენსა და “რედ ბულს”, შესაბამისად როგორც ჩანს ინგლისელ მრბოლელს წარმატების მიღწევის უფრო დიდი იმედი “ფერარისთან” ერთად აქვს, რომლის პირველი პილოტიც ამჟამად მონეგასკელი შარლ ლეკლერია, ხოლო მეორე მესაჭე კარლოს საინსი მოახლოებული სეზონის შემდეგ ადგილს სწორედ ინგლისელ პილოტს გაუთავისუფლებს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ჰამილტონს რბოლა მოგებული არ აქვს. ის "მერსედესის" რიგებში 2013 წელს "მაკლარენიდან" გადავიდა და მას შემდეგ ექვსჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.