უელსის სარაგბო ნაკრების წევრი ლუის რის ზემიტი, ამიერიდან ამერიკულ ფეხბურთში იასპარეზებს. ყოფილი მორაგბე NFL-ის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში ჩაერთო და როგორც თავად აღნიშნა ამ გადაწყვეტილებით ბავშვობის ოცნებას აისრულებს.
პროგრამა 10 კვირის განმავლობაში დამაიმედებელ ათლეტებს ირჩევს და სკაუტების მონიტორინგის ქვეშ ავარჯიშებს, რის შემდეგაც ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებს ირჩევენ და NFL-ის დრაფტზე აგზავნიან, რის შემდეგაც სხვადასხვა კლუბთან შეუძლიათ პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება.
22 წლის ყოფილი მორაგბე 18 წლიდან პროფესიონალურ სპორტშია ჩართული. ის ერთ-ერთი უძველესი კლუბის “გლოსტერის” ღირსებას იცავდა და 2020 წლიდან უელსის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა, რომელთან ერთადაც 6 ერის გათამაშებასა და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
რის ზემიტი წარმოუდგენელი სისწრაფით გამოირჩევა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 39 კმ/სთ-ია, რითაც NFL-ის ფლანგის მოთამაშეების უმრავლესობაზე უფრო სწრაფია. ამ უნარის წყალობით 22 წლის სპორტსმენმა უელსის ეროვნულ ნაკრებში 31 თამაშში 14 ლელო დადო, საიდანაც ოთხი გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიითვალა.
მისი ყოფილი კლუბი “გლოსტერი” გადაწყვეტილების შესაცვლელად მას წელიწადში 380 ათას დოლარს სთავაზობდა, მათთან ერთად იაპონური კლუბებიც დაინტერესებულები იყვნენ ლუისის ტრანსფერით, თუმცა უელსელმა ისინი უარით გაისტუმრა.
NFL-ში აღნიშნული პროგრამით მხოლოდ ერთი უცხოელი მოთამაშე “ფილადელფია იგლზის” ჯორდან მაილატაა მოხვედრილი, რომელსაც 4 წლიანი 64 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. შესაბამისად დიდი ალბათობით ლუის რის ზემიტი პროფესიული ცვლილებით რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
თუმცა, სანამ ყოფილი მორაგბის ანაზღაურებაზე ვისაუბრებდეთ, მას მოუწევს საკუთარი უნარების დრაფტზე დამტკიცება და სკაუტების დარწმუნება, რომ რომელიმე ფრენჩაიზის 52-კაციან შემადგენლობაში მოხვედრის ღირსია.