მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარემ“ ბიონაყინის წარმოება დაიწყო - ინვესტიცია 50 000 ლარია

636c9f7554e17
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.22 14:00
777
„ლუკა პოლარემ“ ბიონაყინის წარმოება დაიწყო, რისთვისაც 50 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა - კომპანიის ამ სიახლის შესახებ „ლუკა პოლარეს“ PR-ის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ციცქიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ბიონაყინის ყველა ინგრედიენტი საერთაშორისო ბიოსერტიფიკატით არის დამოწმებული და ახალი პროდუქტი ერთწლიანი აქტიური მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ქსელში დღეს - 10 ნოემბერს ჩაეშვება.

„საქართველოში და არა მხოლოდ, ამ დრომდე არ გვქონდა ბიონაყინის პრეცედენტი; რადგანაც წარმოების და პროდუქტის მიმართულებით მუდმივი განვითარების პროცესში ვართ, გადავწყვიტეთ, ეს ნიშაც განგვევითარებინა. მოვიძიეთ პარტნიორები, რომლებსაც მოეპოვებოდათ საერთაშორისო ბიო სერტიფიკატი და ამის შემდე დავიწყეთ ტესტირების პროცესი. საბოლოო ჯამში, მივიღეთ უგემრიელესი ნაყინი, პირველ ეტაპზე ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შტოშის ბიო ნაყინი დააგემოვნონ „ლუკა პოლარეს“ ქსელში“, - აღნიშნა „ლუკა პოლარეს“ PR-ის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, „ლუკა პოლარე“ ჯელატოს ნაყინების სახეობების გამრავალფეროვნებას აგრძელებს და კიდევ ერთ ახალი სახეობის ალკოჰოლური, ღვინის ნაყინსაც ამატებს, რომელიც ქინძმარაულის ღვინისგან მზადდება და მხოლოდ სრულწლოვანებზე გაიყიდება.

ცნობისთვის: „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 14 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში - 1.