მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვერ/არ ზრდის "ჩირინა" წარმოებას? - რეზო ვაშაკიძის რჩევები მთავრობას

რევაზ ვაშაკიძე

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე მთავრობას სოფლის მეურნეობის სექტორში პრიორიტეტების განსაზღვრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს პროდუქციის ის კატეგორიები, რომელთა წარმოების პოტენციალიც ქვეყანას რეალურად აქვს და ამის შემდეგ, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები სწორედ ამ მიმართულებებზე ფოკუსირდეს.

საქმე ის არის, რომ როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დააანონსა, აპრილის ბოლოდან სოფლის განვითარების აგროპროგრამები თვისებრივად განახლდება. პარალელურად, ცვლილებები შეეხება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებსაც, რადგან როგორც ცნობილია, სსიპ „აწარმოე საქართველო“ გაუქმდება და მის ბაზაზე შეიქმნება ახალი სტრუქტურა - საქართველოს განვითარების კორპორაცია, რომელიც ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროებს დაუჭერს მხარს.

ბიზნესმენმა რეზო ვაშაკიძემ "წერტილში" კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ბარიერებზე, რომლებიც მისი აზრით და ხელს უშლის ადგილობრივი წარმოების ზრდას. ზოგადად, მისი ხედვა არა - პირდაპირ ფულად დახმარებას, არამედ ბაზრის დაგეგმვასა და რეგულირებას ეხება.

მთავარი ბარიერი: ბაზრის არაპროგნოზირებადობა

ბიზნესმენმა „ჩირინას“ მაგალითზე მოყვა, რატომ არის ფრინველის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წლიური წარმადობა, დაახლოებით, 12 000 ტონა, როცა შეუძლია, 30 000-მდე ტონა ქათმის ხორცპროდუქტი აწარმოოს. მისი თქმით, წარმოების გაზრდა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი იმპორტისგან დაუცველია.

ქათმის ხორცის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - 1 კგ-ის საშუალო ფასი $1.6-ია | მთავარი საიმპორტო ქვეყანა ჩინეთია

„საქმე ისაა, რომ როდესაც ცოცხალ ორგანიზმს აწარმოებ - ვთქვათ, ვაწარმოებ ქათმის ბროილერს და უცბად პროდუქცია შემოვიდა ჩინეთიდან... იქ, ჩინეთში, ქათმის მკერდს არ ჭამენ, რადგან თეთრი ხორცი არ უყვართ და ურჩევნიათ, მაგალითად, ბარკალი... ამ გაყინული ხორცის საქართველოში იმპორტი კი იწვევს იმას, რომ ჩემი სურვილი, ვაწარმოო 30 000 ტონა, უკვე აღარ არსებობს... საჭიროა ვიცოდე, შევძლებ თუ არა ამ 30 000 ტონის რეალიზაციას. თუ მეცოდინება, მაშინ ადგილობრივ მწარმოებელთანაც უკვე შესაბამის ხელშეკრულებას გავაფორმებ, მაგალითად, 50 000 ტონა სიმინდის შესყიდვაზე, რაც [ფრინველებს სჭირდება] გასაგებია?! ასევე, მაგალითად, რუსეთიდან ხორბლის დიდი მოსავლის დროს, პროდუქცია შემოაქვთ და ძალიან დაბალ ფასში ყიდიან, ამით ადგილობრივ მწარმოებლებს ანადგურებენ. თუ არ შემოვა, მაშინ აქაურ მოსავალს ფასი აქვს. გასაგებია, არა?!“, - აცხადებს მწარმოებელი.

ქათმის ხორცის ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იმპორტზე კვოტის დაწესება - რევაზ ვაშაკიძე

გამოსავალი: კვოტირება და დაგეგმვა

რევაზ ვაშაკიძე გამოსავალს თამაშის წესების განსაზღვრაში ხედავს და ასეთად კვოტების სისტემის შემოღება წარმოუდგენია.

„სახელმწიფომ და მწარმოებლებმა ერთად უნდა განსაზღვრონ, რა რაოდენობის პროდუქტის წარმოება შეუძლია ქვეყანას და რა მოცულობის იმპორტია საჭირო დეფიციტის შესავსებად... ვფიქრობ, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს იმით, რომ მოხდეს ფოკუსირება ძირითად საკვებ პროდუქტებზე (ხორცი, კარტოფილი და ა.შ.), რათა ქვეყანა თვითკმარი გახდეს... მიუხედავად იმისა, ეს კვოტების სისტემა ძალიან გავრცელებულია, საქართველოს მთავრობა არ იღებს. ამდენად, ჩემი აზრით, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და დასხდნენ და გადაწყვიტონ, რა უნდა ვაწარმოოთ, რომ მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ, დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები