ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაპირება, რომ ამერიკული ბანკები დაახლოებით 40 მილიონი დოლარის გაყინულ ბელარუსულ აქტივებს დააბრუნებენ. Reuters-ის ცნობით, ამ ნაბიჯით ვაშინგტონი ცდილობს მინსკი პატიმრების გათავისუფლებაში დაარწმუნოს.
აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ჯონ კოულმა ეს პირობა მინსკში, ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების დროს დადო. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდა თუ არა ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე ვეტერანი ლიდერი საპასუხოდ დამატებითი პატიმრების გათავისუფლებას.
ბელარუსში აკრძალული უფლებადამცველი ორგანიზაცია "Viasna"-ს ცნობით, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კვლავ 900-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის შუა პერიოდიდან კოულის შუამავლობით ასობით ადამიანი გათავისუფლდა.
მათ წინააღმდეგ ყველაზე ხშირად წაყენებულ ბრალდებებს შორისაა "ექსტრემისტული" საქმიანობა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულება, სიძულვილის გაღვივება ან პრეზიდენტის შეურაცხყოფა.
კოულთან გამართული შეხვედრისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი პასუხისგებაში მისცემს ნებისმიერს, ვინც კანონს დაარღვევს, და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა უარყო. მან ასევე უარყო უფლებადამცველებისა და ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებულთა სანაცვლოდ ახალ ადამიანებს აკავებს.
"მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია. ჩვენ არ გვაქვს მიზანი, გათავისუფლებულთა ადგილას კოლონიებში ახალი ხალხი გავგზავნოთ", - აღნიშნა მან.
მოლაპარაკებები ექვსთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. კოულის ძალისხმევით აქამდე გათავისუფლდნენ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი და ოპოზიციის წამყვანი ლიდერები.
Reuters-ის ცნობით, შეხვედრის ვიდეოჩანაწერებში ისმის, თუ როგორ გადასცა კოულმა ლუკაშენკოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკითხვა და აცნობა, რომ ვაშინგტონმა ამერიკულ ბანკებს გაყინული ბელარუსული აქტივების განბლოკვა სთხოვა. მისი თქმით, ამ მექანიზმზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
გასულ კვირას ლუკაშენკომ 43-44 მილიონი დოლარის დაბრუნება მოითხოვა, რომელიც, მისი თქმით, "Citibank"-შია გაჩერებული და ამ ფაქტს აშშ-ისთვის "სირცხვილი" უწოდა. "Citi"-ში აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
კოული აცხადებს, რომ 2025 წლის შუა პერიოდიდან მისი ძალისხმევის შედეგად 700-დან 800-მდე ადამიანი გათავისუფლდა. თუმცა უფლებადამცველი ორგანიზაცია "Viasna" მიუთითებს, რომ პოლიტპატიმრების რაოდენობა 2025 წლის ივნისის დასაწყისში არსებული 1 185-დან დღეს 912-მდე შემცირდა, რაც რეალურად მხოლოდ 273 ადამიანით კლებას ნიშნავს.
























