რუსული ენერგეტიკული კომპანიის, Lukoil-ის სანქცირებულ $22-მილიარდიან უცხოურ აქტივებს ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-ი შეისყიდის. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა გადასული და აქტივების გადაფორმებისთვის მხოლოდ შტატების სახაზინო დეპარტამენტის დასტურია საჭირო, რაც, მაღალი ალბათობით, მარტივად მოხერხდება, რადგან ბესენტის უწყებას Carlyle Group-ისთვის შესყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოების უფლება მინიჭებული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, Carlyle-ის ხელში Lukoil-ის თითქმის ყველა აქტივი გადავა, ყაზახეთში მდებარე რამდენიმე ობიექტის გარდა, რადგან მათი შესყიდვის სურვილი თავად ოფიციალურმა ასტანამ გამოთქვა.
ამ მოცემულობით, Carlyle-ი გახდება Lukoil-ის ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და მექსიკაში არსებული ყველა აქტივის მფლობელი, მათ შორის ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ერაყული საბადო ვესტ ქურნა 2-ისა და ბულგარეთსა და რუმინეთში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ობიექტების მფლობელი.
Carlyle Group-სა და Lukoil-ს შორის შეთანხმების გაფორმებით დასრულდება რუსული ენერგეტიკული კომპანიის უცხოური აქტივების გაყიდვის ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული კომპანიების, Lukoil-ისა და Rosneft-ის დასანქცირებით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ Lukoil-ის აქტივების შესყიდვა არაერთ ენერგეტიკულ გიგანტს, მათ შორის, ამერიკულ ExxonMobil-სა და Chevron-ს, ასევე ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფო კომპანიებსაც სურდათ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება Carlyle-თან გაფორმდა.
ცნობისთვის, Lukoil-მა გარიგების დადება Gunvor-თან და Xtellus Partners-თანაც სცადა, თუმცა შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ორივე მოლაპარაკება დაბლოკა, რადგან ორივე შემთხვევაში რუსული კვალი იკვეთებოდა.




























