„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ქვეკომპონენტი - „მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა.
ლურჯი მოცვის მწარმოებლებს 2025 წლის სეზონზე სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. სოფლის განვითარების სააგენტო წერს, რომ გადაწყვეტილება თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სექტორის მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
შეღავათიანი სესხი იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მდებარე მოცვის პლანტაციების მფლობელებზე გავრცელდება. სესხის მიზნობრიობა მოცვის ბაღებში სეზონური აგრო სამუშაოების დროულად ჩატარებას ეხება.
აგროკრედიტის ფარგლებში, სესხის წლიური პროცენტის არაუმეტეს 9%-ს სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს, თანადაფინანსების მაქსიმალური ვადად კი 12 თვე განისაზღვრა. პროექტის პირობებით გათვალისწინებულია, რომ სესხის სრული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.
სესხის თანხა განისაზღვრება მინიმუმ 10,000 ლარით და მაქსიმუმ 100,000 ლარით ერთ ბენეფიციარზე.
მოცვის მწარმოებლებს საშუალება ექნებათ მიღებული სესხი შემდეგი საჭიროებების დასაფარად გამოიყენონ:
- პესტიციდები, ორგანული და მინერალური სასუქები;
- მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები;
- შრომითი რესურსების ანაზღაურება;
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება;
- ტექნიკის საწვავ-საცხები მასალები;
- მიწისა და წყლის ლაბორატორიული ანალიზის ხარჯები.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოების).
დამატებითი ინფორმაცია ქვეკომპონენტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.




























