რეფორმა გულისხმობს ავტოსადგურების ლიცენზირებას, რომლის ვადაც 2025 წლის 1 ივნისია და ასევე მგზავრთგადამყვანი ოპერატორების საქმიანობის რეგულირებას, 2025 წლის 1 მარტამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შესაბამისი ნებართვების აღება უნდა შეძლონ. ახალ რეალობაზე მორგება ბიზნესისთვის დამატებით სახსრებთან არის დაკავშირებული, როგორც გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვება - სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება მოხდება.
დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი თვლის, რომ მთავარი გამოწვევები პროცესში მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ექმნებათ, რადგან ტექნიკური რეგლამენტით მიკროავტობუსებს 2025 წლის ივნისიდან შორ მანძილებზე მგზავრების გადაყვანა ეკრძალებათ. საუბარია 150 კმ მეტ მანძილებზე, ამ შემთხვევაში მგზავრების გადაყვანა მხოლოდ m3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ანუ ავტობუსებით უნდა მოხდეს. ნესტორ მიქატაძის თქმით, სექტორი შესაძლოა არსებული ვადების გახანგრძლივების საჭიროების წინაშე აღმოჩნდეს.
“ავტოსადგურებისთვის რეგულაციების დაკმაყოფილება მოსწრებადია, იმიტომ რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცით და ვმუშაობთ, რაც რეგულაციებით არის მოთხოვნილი ასეთი თითქმის ყველაფერი გვაქვს. რაც მოითხოვს გაუმჯობესებას ამაზე ვმუშაობთ და მოსწრებადია, ანუ ავტოსადგურებს ჩვენ მზად დავახვედრებთ მგზავრთგადამყვანებს, მთავარია რომ მძღოლებმა, ვინც ასრულებს ამ საქმიანობას იმათმა შეძლონ მოთხოვნების მიხედვით საჭირო ავტომანქანების წარმოდგენა. კერძოდ M3 კატეგორიის ავტობუსების. ჩვენი მხრიდან ხელის შეშლა არ იქნება, რაც ავტოსადგურს სჭირდება გვაქვს გაკეთებული. მთავარი არის ის რომ გარკვეულ ეტაპზე შეინიშნება პრობლემა, რომ ამ კატეგორიის მანქანები უმეტესობას არ ჰყავს.”- ამბობს დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე.




























