მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა კიდევ 3 თვე ვერ დასრულდება - მერია

620d0ac977c18
ანუკა ჯოხაძე
16.02.22 21:05
4539
მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირების დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და კონტრაქტით 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილზე სამშენებლო პროცესები დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი.

როგორც თბილისის მერიაში ხსნიან, პროექტის გაჭიანურება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია. ადგილზე ამ ეტაპზე სამუშაოებს რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, ერთ-ერთი კი, რომელიც გზის სამშენებლო სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, კომპანია "ბლექ სი გრუპია".

პროექტის ღირებულება თავდაპირველად 15 მლნ ლარი იყო, თუმცა ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, "ბლექ სი გრუპს" თბილისის მერია სამუშაოების შესრულებაში 16.4 მლნ ლარს უხდის.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტიდან ირკვევა, "ბლექ სი გრუპი" გზის სამშენებლო სამუშაოებს დამჭერი კედლების მშენებლობის გამო ვერ აგრძელებს.

კითხვაზე თუ როდის დასრულდება თითქმის 3 წლის წინ დაწყებული პროექტი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გვპასუხობს, რომ ადგილზე სამუშაოები 2021 წლის ივნისში დასრულდება. ხელშეკრულებაში ბოლო შესული ცვლილებით კი ეს თარიღი, 2022 წლის 31 მარტია.

“სამუშაოების დაწყების შემდეგ გაუთვალისწინებელი გარემოებები გვქონდა, გასულ წელს მეწყრული პროცესების გააქტიურება იყო. ასევე სამშენებლო არეალში, სადაც ახლა უშუალოდ ფიზიკური სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის გარკვეული მასები ჩამოიშალა, რომელიც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული. ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე ე.წ დამჭერი კედლების მოწყობა. ეს სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა და ამის შემდგომ უკვე სავალ ნაწილზე ბეტონის სამუშაოები დაიწყება. ამ გარემოებების გამო მოხდა ის, რომ ვადა, რაც თავიდან იყო დათქმული გახანგრძლივდა. ჩვენი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ვვარაუდობთ, რომ მაისის ბოლოს, ივნისის პირველ ნახევარში სამუშაოები უნდა დასრულდეს", - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები