ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პრეისტორიის შესდახებ, რაც გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის, „TV პირველისთვის“ და „კავკასიისთვის“ დადებულ ყადაღას ახლდა წინ.
„ჩვენ გვქონდა გამოკვეთილი მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, როცა ხდებოდა ვალების დაგროვება. ეს არის ბოლო ათწლეულების მოცემულობა. ამ ყველაფერში „მოწინავე“ იყო „რუსთავი 2“, თუმცა სხვა ტელევიზიებიც არ აკლებდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პატარა ტელევიზიები უკეთესი გადამხდელები იყვნენ. როცა მსხვილმა ტელევიზიებმა რატომღაც ეს მანკიერი პრაქტიკა აიტაცეს, შემდეგ მოხდა არაერთი ჩამოწერა, პოლიტიკური აქტი და ყველაფერი იწყებოდა ახალი ფურცლიდან. შესაბამისად, დაიწყო ვალების დაგროვება თავიდან. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც მე გავხდი მინისტრი, ვნახე, რომ ამ ტელევიზიებს ჰქონდათ ძალიან დიდი ვალები, თუმცა მესმის, რომ ჩნდება კითხვა - რატომ მაშინვე არ მოხდა რეაგირება? პირველ რიგში, „რუსთავი 2“-მა მცირედით დაიწყო დავალიანების დაგროვება და წერილების გამოგზავნა - გადაგვივადეთ, ახალი გადანაწილება შეგვიდგინეთო.... ხდებოდა ამ წერილების გათვალისწინება და ისევ გროვდებოდა ვალი და ა.შ.“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ვანო მაჭავარიანი ამ პერიოდის შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და ამბობს, რომ „ეს იყო ერთგვარი კომპლექსი, რომ ტელევიზიასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.
„პროცესებს დაეწია სტრასბურგის გადაწყვეტილება მოსამართლის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ თავი უნდა შეეკავებინა ხელისუფლებას ყველა ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ტელეკომპანიას. ამის შემდეგ უკვე აღარც წერილებს წერდნენ, აღარც გადავადებას ითხოვდნენ, არ იხდიდნენ გადასახადებს და არც მალავდნენ. იგივე მანკიერი პრაქტიკა აიტაცა „იმედმაც“. რატომღაც ჩათვალა, რომ იგივე უნდა გაეკეთებინა და დაგროვდა ეს 50 მილიონზე მეტი ვალი. მას შემდეგ, რაც ეს პერიპეტიები დამთავრდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ჩავთვალეთ, რომ ეს პოლიტიკური შლეიფი ჩამოშორდა ამ თემას და 14 აგვისტოს ვთქვით - კარგად გვესმის, რომ დღეს ამ ვალის მოთხოვნა გამოიწვევს ამ ტელევიზიების დახურვას, არა მხოლოდ მყისიერი მოთხოვნა, არამედ ისიც, რომ მოკლე ვადაში რომ მოვთხოვოთ, ამიტომ შევდივართ საარჩევნო ფაზაში, ურთულეს პოლიტიკურად ცხელ პერიოდში, შესაბამისად, გადასახადის მოთხოვნა ჩაითვლებოდა მედიაზე ზეწოლად და არც თუ უსაფუძვლოდ, ალბათ. ამიტომ ვთქვით, მოდით, ამ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციაზე დავიწყოთ მუშაობა და მიმდინარე აღარ დავაგროვოთ. ამის შემდეგ იწყება მოლაპარაკებები, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რადგან მძიმე ტვირთია. ამ დროს შევთანხმდით, რომ მიმდინარე დავალიანება უნდა ყოფილიყო გადახდილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ვანო მაჭავარიანი აქვე ირწმუნება, რომ ამ პერიოდში პატარა ტელევიზიები კვლავ გადადასახდების პატიოსან გადამხდელებად რჩებოდნენ, თუმცა 1 ოქტომბრიდან უკვე იწყება დავალიანებების დაგროვება, მათ შორის “TV პირველის“ მხრიდან, ხოლო ამას მოჰყვა ინკასო.