ქუთაისში ტურიზმის სფეროში ვითარება უარყოფითი ტენდენციით მიმდინარეობს - ჯავშნების გაუქმება დაიწყო, რაც სასტუმროებისა და აპარტამენტების მფლობელებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" იმერეთში მდებარე სასტუმროს 7Doors-ის დამფუძნებელმა, ქრისტინე მესხაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ისრაელისა და ირანის გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ დროებით ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენების შეჩერება რა თქმა უნდა იმოქმედებს ქალაქის დატვირთვაზე, თუმცა ის აქვე დასძენს, რომ ბოლო სამი თვეა ქალაქში პრაქტიკულად არ შეინიშნება ტურისტული აქტივობა.
"ქუთაისში სერიოზული დეფიციტია ტურისტების. უბრალოდ ქუჩაშიც რომ გაიაროთ, მაგითაც მიხვდებით, რომ ნამდვილად არ არის ქუთაისში ტურისტები და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების მასიური გამოკითხვა იქნებოდა შესაძლებელი, რომ ცხადი იყოს, ყველას გვაქვს რეალურად ერთი და იგივე პრობლემა.
არ არსებობს რაიმე გეგმა ან მიზიდულობის პროგრამა ტურისტების მოსაზიდად. წლების განმავლობაში ვერაფერს ვთავაზობთ სტუმრებს, შესაბამისად, ინტერესიც იკლებს. მოლოდინი იყო, რომ ახალი სასტუმროების გახსნის პარალელურად ტურისტები გაიზრდებოდა, თუმცა მიწოდება გაცილებით დიდია ვიდრე მოთხოვნა. მაჩვენონ ქუთაისში თუნდაც ერთი სასტუმრო, ერთი აპარტამენტი, რომელიც ვერ აუდის ჯავშნებს", - აღნიშნა მესხაძემ.
მისი თქმით, პრობლემის გამოსწორებისთვის საჭირო იქნება უფრო მონაცემზე ორიენტირებული მიდგომა: „ისეთის პლატფორმის შექმნა, სადაც დაინახავ რეალურ სტატისტიკას - რომელი ქალაქში, რა პერიოდში, რა ქვეყნების ტურისტები მოდიან. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი ტურიზმის სამსახურებს, რათა რეალური სურათი წარმოგვეჩინა“.
მესხაძე ხაზს უსვამს, რომ თავისი ბიზნესის ფარგლებში, მაგალითად, სასტუმრო 7Doors-ში სტუმრების უკუკავშირი პოზიტიურია, თუმცა ქალაქი საშუალებას არ აძლევს, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ან მომხმარებელს ახალი სერვისები შესთავაზოს. იგი აღნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის პირობებში ახალი ინვესტიციები აღარ იგეგმება: „მიმდინარე მომენტისთვის არანაირ გეგმებს აღარ ვამყარებ მომავალზე და დამატებითი ხარჯების გაწევასაც ვერ ვახერხებ. ვცდილობთ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. ველოდები სიტუაციის შეცვლას, მაგრამ როგორც ვხვდები, კიდევ იმის იმედზე ვარ, რომ სეზონი იქონიებს თავის მხრივ რაღაც გავლენას და ჩვენი ეს დაუღალავი შრომა და ალტერნატივების მოძებნა და საკუთარ თავზე დახმარების შესაძლებლობები ალბათ უფრო კიდე რაღაც სურათს შეგვიცვლის, შეგვიცვლის“.
ქალაქის ტურისტული სექტორის მდგომარეობა, მისივე შეფასებით, ყოველწლიურად უფრო დაბალ მომართვიანობაზე მიუთითებს და მოქმედი მფლობელები დამატებითი ალტერნატივებისა და მხარდაჭერის გარეშე რჩებიან.




























