მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მადაგასკარის სამხედრო გადატრიალების ავტორმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

მადაგასკარი

პოლკოვნიკმა მაიკლ რანდრიანირინამ საპრეზიდენტო ფიცი დადო და მადაგასკარის პრეზიდენტის უფლება-მოსილებები ოფიციალურად ჩაიბარა. მან ჩაანაცვლა ანდრი რაჟოელინა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სამხედრო გადატრიალების ფონზე ქვეყნიდან გაიქცა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა ის დედაქალაქიდან საფრანგეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავით გაფრინდა.

პოლკოვნიკის ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქ ანტანანარივოში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გაიმართა. შენობის გარე პერიმეტრზე კი თავი ათობით ათასმა ახალგაზრდამ მოიყარა, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი დაიწყეს.

რანდრიანირინამ ფიცის დადების შემდეგ ახალგაზრდებს მიმართა და მათ ისტორიული შემობრუნების ავტორები უწოდა. ახალმა პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ ქვეყანას გააერთიანებს და სტაბილურობას აღადგენს. აქვე მან განმარტა, რომ ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენას არ აპირებს და როგორც დროებითი მმართველი პოსტს 2 წელიწადში, ახალი არჩევნების შემდეგ დაემშვიდობება. ის ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება და “მართვის მანკიერი, მოძველებული მოდელი” წარსულს ჩაბარდება.

რანდრიანირინამ ასევე დადო პირობა, რომ გამოიძიებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი წყლისა და ელექტროენერგიის სააგენტოების საქმიანობას და დაადგენს, რატომ იღებდა მოსახლეობა გრაფიკით აღნიშნულ სერვისებს. პარალელურად, გარდაქმნის სოფლის მეურნეობას და გააუმჯობესებს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას.

აღნიშვნას იმსახურებს პოლკოვნიკის საგარეო პოლიტიკური ხედვაც. რანდრიანირინამ განაცხადა, რომ ქვეყანა საფრანგეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ურთიერთობების რუსეთთან დაახლოებას დაიწყებს. ხუთშაბათს ის უკვე შეხვდა მადაგასკარში რუსეთის ელჩს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობა განიხილა.

პოლკოვნიკის გაპრეზიდენტებით ქვეყანაში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო პროცესი საბოლოოდ დასრულდა და დასრულდა ახალი თაობის, ე.წ. Gen Z-ს გამარჯვებით, რომელმაც რაჟოელინას ხელისუფლებიდან გაშვება და მთავრობის შეცვლა ქვეყნის წამყვანი ელიტური სამხედრო დანაყოფის, CAPSAT-ის დახმარებით შეძლო. ბოლო კვირებში მადაგასკარში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სტატიის მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები