მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მადარტი“ ქართული მიტანის სერვისის კომპანიის შექმნას გეგმავს

5f241ad1951ff
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.20 20:00
4536
საკონდიტრო კომპანია „მადარტი“ 500 000 ლარის ინვესტიციით შემოდგომისთვის ქართული მიტანის სერვისის კომპანიის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში მიტანის მომსახურებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა და ეს კომპანიის გაყიდვებზე დადებითად აისახა.

„პანდემიის შემდეგ „მადარტმა“ მუშა პროცესების მოთხოვნის შესაბამისად გადააწყო და პრიორიტეტი მიტანის სერვისზე გადაიტანა. კომპანიას ერთ-ერთი საუკეთესო მიტანის სერვისი აქვს, სადაც პროდუქციის გადაადგილება სურსათის უვნებლობის წესის დაცვით ხდება. ჩვენი გაყიდვების თითქმის 35% მიტანის სერვისზე მოდის და ვფიქრობ, რომ სექტემბერში ამ მაჩვენებელს 50%-მდე ავიყვანთ“, - აღნიშნავს ბექა ბოსტაშვილი.

მისი თქმით, პანდემიამ ხალხის ქცევაზე გავლენა მოახდინა და ისინი დისტანციური სერვისების მიღებას მიეჩვივნენ, რამაც გაზარდა მოთხოვნა ელექტრონულ კომერციაზე. აქედან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა შექმნას ცალკე კომპანია, რომელიც არამხოლოდ საკონდიტროს, არამედ სხვა კომპანიებსაც მოემსახურება.

„ზოგადად გვინდა, რომ შევქმნათ ქართული მიტანის სერვისი. ვთვლით, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროპული სტანდარტების შესაბამისი მიტანის სერვისის შექმნა და ამაზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ბაზარზე შესვლის საწყისი ინვესტიციის მოცულობა 500 000 ლარს შეადგენს და დამატებით 150 სამუშაო ადგილს შექმნის“, - აღნიშნა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა და დაამატა, რომ ამ დროისთვის საკურიერო მომსხურებაზე 70-მდე ადამიანია დასაქმებული.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მადარტს“ განსაკუთრებული ტრანსპორტი ჰყავს - მოპედები უკან 2 თვლით, რომლებსაც 30 კგ-მდე ტვირთვის გადატანა უვნებლად შეუძლიათ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან პანდემიამდე დაიწყო, თუმცა ელექტრონული პლატფორმის არარსებობამ გეგმები გადაავადა.

„გარკვეული ტიპის მოლაპარაკებები კომპანიებთან, პანდემიამდე დავიწყეთ, ამაზე მოთხოვნა მაშინ ძალიან დიდი იყო, თუმცა იმ დროისთვის არ გვქონდა ელექტრონული პლატფორმა. ჩვენი ჯგუფის აქტიური მუშაობით შეიქმნა სისტემა, რომელიც მორგებულია ქართველ მომხმარებელზე და ვფიქრობთ რომ ოქტომბრიდან საჭიროების შემთხვევაში ავამოქმედებთ ამ სერვისს“, - განაცხადა ბოსტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები