მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობა ივანიშვილს... ასე შეკრული საზოგადოება აქამდე არ მინახავს“ - ინტერვიუ ცეზარ ჩოჩელთან

ცეზარ ჩოჩელი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი მმართველ პარტიას მოუწოდებს, „რუსული კანონი“ ისევ უკან გაიწვიოს, როგორც - შარშან. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, დღეს ყველას ვალია, დადგეს ახალგაზრდების გვერდით. „ისინი იბრძვიან ყველასთვის - პარლამენტარებისთვის, ბიზნესმენებისთვის, რათა ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს“, - ამბობს ბიზნესმენი.

- თქვენი აზრით, წელსაც რატომ გაბედა მმართველმა პარტიამ „რუსული კანონის“ დღის წესრიგში დაბრუნება?

- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ხელისუფლებას, მათ შორის ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ჩემი 30-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არ მინახავს უფრო მეტად გაერთიანებული და ერთად შეკრული ქართული საზოგადოება. ამას მოხერხება და დიდი შრომა უნდოდა და ეს ყველაფერი ხელისუფლებამ 3-4 კვირაში მოახერხა. მადლობა როგორ არ გადავუხადო?! მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, სტუდენტობა, როდესაც 9 აპრილს და შემდეგ დღეებში ქუჩაში ვიდექით. დღეს ვხედავ უფრო მეტ სულისკვეთებას, ვიდრე მაშინ იყო. მაშინ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა იყო და დღეს მას დაემატა თავისუფლება. ჩვენ არ გვინდა ისეთი დამოუკიდებლობა, როგორიც ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთში ან ბელარუსშია. ჩვენ გვინდა ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება.

- „რუსული კანონის“ მეორედ მობრუნების ლოგიკა გესმით, ანუ რამ აიძულათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- თავდაჯერებულობამ... 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ხელისუფლებებს თავში უვარდებათ თავისი ძალაუფლება და თავს უფლებას აძლევენ, ყველაფერი გააკეთონ ისე, როგორც თავად სურთ - მოირგონ ხელისუფლება და ხალხი ემსახურებოდეს მათ და არა ხელისუფლება ემსახურებოდეს ხალხს. დღესაც ეს კანონი ანალოგიურად ემსახურება ერთ რამეს, რომ ხალხი და სრულიად საზოგადოება გვიმსახუროს, მაგრამ ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს - ვერ გათვალეს, რომელ თაობასთან აქვთ საქმე.

- რთულია ახალგაზრდების დაღლა?

- ჩვენი შვილების თაობა ჩვენზე მეტად განვითარებულია, ნაკითხია და დიდი შემართებით არიან. ახალგაზრდების აქცია შევადაროთ 29 აპრილის აქციას - ის იყო „მამების“ აქცია, სადაც ძირითადად ძალით, ხვეწნით, მუქარით მიყვანილი მოქალაქეები იდგნენ და აქციის დასრულებას არც დაელოდნენ, ისე მიდიოდნენ... რუსთაველზე კი დგას თაობა, რომელიც თვითორგანიზებულია და თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ახალგაზრდობას დაღლის, ძალიან ცდება, თავად დაიღლებიან. ახალგაზრდებთან ბრძოლა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას და მით უმეტეს ხელისუფლებას. მინდა ვურჩიო მათ, ეს კანონი, როგორც შარშან, სასწრაფო წესით გაიწვიონ უკან და ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. ჩვენ დღეს მივდივართ მდინარის საწინააღმდეგოდ, როცა მეგობრები ამერიკიდან თუ ევროპიდან - რომელთა დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენი ქვეყანა წუმპიდან ამოვიდა, სადაც ჩვენ ვიყავით მრავალი წლის განმავლობაში - გვეუბნებიან, არ მივიღოთ ეს კანონი; ამერიკელების და ევროპელების დახმარება რომ არა, წარმოგიდგენიათ, სად იქნებოდა საქართველო?! თუ დღეს სახელმწიფო გვაქვს, ეს მათი ფინანსური დახმარების თუ ინტელექტუალური მხარდაჭერის შედეგია. დღეს ისინი გვირჩევენ, რომ დამაზიანებელია ეს კანონი ჩვენი სახელმწიფო წყობისთვის, მაგრამ უარს ვეუბნებით და ლმობიერი დამოკიდებულება მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გვაქვს, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

- რამ შეიძლება უკან დაახევინოს ხელისუფლებას?

- ხალხის ძალამ, ოღონდ ის „ხალხის ძალა“ - არა, თვითონ რომ ჰყავთ, არამედ იმ ხალხის ძალამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას. 30 წლის განმავლობაში არ მახსენდება ხელისუფლება, რომელმაც საბოლოოდ ხალხს მოუგო. დღეს ყველაზე მეტ ოპტიმიზმს ვხედავ ახალგაზრდებში. ამაყი ვარ, რომ გავზარდეთ თაობა, რომელიც ჩვენზე უკეთესია, ჩვენზე გონიერები არიან და მათ უკან ვერავინ დაახევინებს. ყველას ვურჩევდი, ამ თაობას დავუდგეთ გვერდით. ისინი იბრძვიან არა თავიანთი თავისთვის, არამედ მომავლისთვის. ისინი იბრძვიან ყველასთვის - პარლამენტარებისთვის, ბიზნესმენებისთვის, რათა ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს.

- რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დადიხართ?

- რა თქმა უნდა. ჩვენი ვალია, ვიდგეთ ახალგაზრდების გვერდით.