მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მადლობა პოლიციელებს, რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში - ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი რანგში გამოსვლისა საპოლიციო ძალებს მადლობა გადაუხადა: „მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში“.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ქვეყნის სამსახურში დაუღალავად დგას.

„ჩვენი ქვეყნის სამსახურში დაუღალავად ყოფნისთვის, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალებს, უკლებლივ ყველა ჯარისკაცს, ასე ღირსებით და ამაყად რომ ატარებენ სამხედრო ფორმას, თითოეულ პოლიციელს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს ქვეყანაში. მადლობა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის. დიდი მადლობა ღირსეულ, პატრიოტ საჯარო მოხელეებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას; მადლობა ექიმებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად; განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მსურს გამოვხატო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არაერთი თაობა აღზარდეს – მათი ღვაწლი ნამდვილად ფასდაუდებელია. მადლობა თითოეულ სპორტსმენსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელს, ვინც საკუთარი გამარჯვებითა და წარმატებით აერთიანებს და აძლიერებს საქართველოს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებს და თავის წილ პატარა აგურს დებს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის: სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები