"მადლობა ცესკოს, რომ არჩევნების ადმინისტრირება მოხდა უნაკლოდ" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კობახიძემ განაცხადა, რომ, საქართველოში პირველად, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება გამოწვევა იყო, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავი გაართვა.
"ცესკოს განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, გამოწვევა იყო, რომ არჩევნები ტარდებოდა პირველად პრაქტიკულად სრულად ელექტრონული სისტემით. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას აძლევდა და რეგისტრაციას გადიოდა ელექტრონული წესით და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა განსაკუთრებული მართვა და მადლობა ცესკოს, რომ არჩევნების ადმინისტრირება მოხდა უნაკლოდ. მადლობა ეკუთვნის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ცენტრალურ კომისიას, არამედ საარჩევნო კომისიის 3000-ზე მეტ წევრს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის", - განაცხადა კობახიძემ.
"TV იმედის" ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ტოვებდა ელექტრონული არჩევნები ხმების გაყალბების საშუალებას, პრემიერმა განაცხადა, რომ გამორიცხულია არა მხოლოდ საარჩევნო მანიპულაცია, არამედ ადამიანური შეცდომებიც.
"რეალურად ის სისტემა, რომელიც დაინერგა საარჩევნო ადმინისტრაციაში, სრულად გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას. იყო [გაყალბებაზე] ზოგადი საუბრები, თუმცა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, შეუძლებელია, ვინმემ ისაუბროს რაიმე კონკრეტიკაზე. თქვენ იცით, რომ რეგისტრაცია ხორციელდებოდა ელექტრონულად, ხმის მიცემა ხორციელდებოდა ელექტრონულად და ერთ წამში, ღილაკზე თითს დაჭერით ითვლებოდა შედეგები. შესაბამისად, აბსოლუტურად გამოირიცხა არა მხოლოდ ყოველგვარი მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:
- "ქართული ოცნება" - 54.08%
- "კოალიცია ცვლილებებისთვის" გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.92%
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10.12%
- "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.78%
- "გახარია საქართველოსთვის" - 7.76%