საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია, რომელიც 28-30 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი გლობალურ გამოწვევებზე უნდა გაკეთდეს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის ახალ სტრატეგიული კონცეფცია შეთანხმდება, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად მოახდენს.
„მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება.
კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს.
ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერსებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“, - აღნიშნულია წერილში.