მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმეთ აგენტების კანონპროექტის გაწვევას, ის დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო - სტოლტენბერგი

6447e686c3b94
BM.GE
25.04.23 18:36
581
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO აგრძელებს ქართველი ხალხის ჩრდილოატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას. ამასთან სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ქვეყნის დემოკრატიული წინსვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ალიანსი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოელი აგენტების კანონპროექტზე უარის თქმას, რადგანაც ეს კანონპროექტი დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელი იყო.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ამიტომაც მივესალმეთ ხელისუფლების მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მათ სურთ დემოკრატია და კეთილდღეობა, ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონში იქნება ინტეგრირებული.

ნატო გააგრძელებს იყოს თქვენი პარტნიორი თქვენი ევროატლანტიკური ასპირაციის გზაზე.

ჩვენ ასევე ვისაუბრებთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის და უკრაინის გვერდით დგომის შესახებ. კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი, რომ ნატო დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დღეს და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება. ჩვენ არ ვიცით, ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია უნდა იქნეს შეჩერებული ერთხელ და სამუდამოდ. ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. უკრაინა იცავს თავს გაერო-ს წესდების შესაბამისად და ველოდებით, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს,”- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.

“მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უნარიან პარტნიორს, საქართველოს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. მზად ვართ, ყველა განზომილებაში NATO-სთან ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები